ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით ე.წ. საზღვარზე გადაადგილების რეჟიმში გამონაკლისები იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივმა სახელისუფლებო მედიამ გაავრცელა.

დე ფაქტო უშიშროების საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ რაზდახანის გამშვები პუნქტიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გამგზავრების უფლება მიეცეთ ახალგორის რაიონის მაცხოვრებლებს, რომელთაც არ აქვთ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის და რუსეთის მოქალაქეობა და სჭირდებათ გადაუდებელი ან მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება, რომლის გაწევაც შეუძლებელია ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

რამდენიმე თვეა, რაც საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. გამშვები პუნქტები ჩაკეტა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს. ამ ხნის განმავლობაში გადაადგილება მკაცრად კონტროლდებოდა და მოქალაქეებს სამედიცინო დახმარების მიღების საშუალებასაც არ აძლევდნენ.

ახალგორის ერთ-ერთი მაცხოვრებელი მარგო მარტიაშვილი დროული სამედიცინო დახმარების ვერ აღმოჩენის გამო 28 ოქტომბერს გარდაიცვალა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის სასწრაფო დახმარებამ სახლიდან მძიმე მდგომაროებაში გამოიყვანა და თბილისში წაყვანა სცადა, თუმცა ე.წ. მესაზღვრეებმა ცხინვალში გადაამისამართეს, სადაც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გარდა ამისა, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს თამარ გიგაურს, რომელიც ჭაში ჩავარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო.