სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა 12 ათასზე მეტმა მოსწავლემ შეწყვიტა. მათი 59% ბიჭია. უწყების განცხადებით, ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით ნაკლებია.

მათივე ცნობით, მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებმაც სწავლა შეწყვიტეს, ძირითადად საშუალო საფეხურზე 10-12 კლასებზე მოდის. თუმცა, სკოლის დატოვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 12 ათასიდან 5 ათასზე მეტი, მეათე კლასში დაფიქსირდა.

საქსტატის ცნობით, მიუხედავად ამისა, მოსწავლეთა რაოდენობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ყოველწლიურად იზრდება. კერძოდ, 2015-2016 წელს მოსწავლეთა საერთო რაოდენობა 554 ათასამდე აღწევდა, 2019-2020 სასწავლო წელს კი 593 ათასამდეა.

ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში 2018-2019 სასწავლო წელს, ჯამში 2 313 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იყო, მათგან 2 086 საჯარო, ხოლო 227 კერძო. მოსწავლეების საერთო რაოდენობის 89% საჯარო სკოლებზე მოდის, ხოლო კერძო სკოლებზე 11%. მოსწავლეებიდან 48% გოგოა, ხოლო 52% ბიჭი. ყველაზე მეტი მოსწავლე 35% თბილისში სწავლობს.