დეკემბერი დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავრობის დროს რადიოს მოსმენისას, სავაჭრო ცენტრში შოპინგისას თუ კაფეში სადილობისას ვერ ასცდებით საშობაო/საახალწლო სიმღერების გაუთავებლად მოსმენას.

მათ შორის კი ყველაზე ხშირად, ალბათ, მერაია ქერის უკვე ლამის ლეგენდად ქცეულ სიმღერას, All I Want For Christmas-ს მოუსმენთ, გინდათ ეს თუ არა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მერაია ქერის ეს სიმღერა ადამიანების რაღაც ნაწილისთვის უკვე ლეგენდარულად მოსაბეზრებელია: დიდ ბრიტანეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, All I Want For Christmas ცნობილ საშობაო სიმღერებს შორის მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა ყველაზე მომაბეზრებელ სიმღერად დაასახელა.

ამ შედეგით, ალბათ, გაოცებული არავინ დარჩება, რადგან, რთულია თავი არ მოგაწყინოს სიმღერამ, რომელიც ყოველწლიურად წელიწადის ერთ მონაკვეთში გრიპის ეპიდემიასავით იფეთქებს და ყველა კუთხიდან გახსენებს თავს.

თუმცა, მერაია ქერის სასარგებლოდ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მან მოახერხა და უკვე 25 წელია ამ სიმღერით ჩარტებში უკონკურენტოდ ლიდერობს. არაერთი რეკორდის მოხსნასთან ერთად ეს სიმღერა ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი საშობაო სიმღერაა, რომელიც ისეთმა ცნობილმა მომღერლებმაც შეასრულეს უკვე, როგორებიც არიან კელი კლარკსონი, იდინა მენზელი, არიანა გრანდე და სხვა.

ბრიტანეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ყველაზე მომაბეზრებელი სიმღერების ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. All I Want for Christmas is You – Mariah Carey
  2. Do They Know It’s Christmas? – Band Aid
  3. I Wish It Could Be Christmas Everyday – Wizzard
  4. Merry Xmas Everybody – Slade
  5. Last Christmas – Wham!
  6. Fairytale of New York – The Pogues and Kirsty MacColl
  7. Baby It’s Cold Outside – Tom Jones & Cerys Matthews
  8. Santa Claus is Coming to Town – Jackson 5
  9. Santa Baby – Eartha Kitt
  10. Jingle Bells – Andrews Sisters