ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა განესაზღვრა და 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება ჩამოართვა. ის სასამართლომ ორივე ეპიზოდში გაამტყუნა.

ამავე საქმეზე ბრალდებულ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ნიკა მელიას კი თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა. სასამართლომ მელია საქმის ერთ ეპიზოდში გაამტყუნა, მეორეში კი გაამართლა.

განაჩენის გამოცხადებას ნიკა მელია არ ესწრებოდა, ზურაბ ადეიშვილი კი რამდენიმე წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს.

ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დეპუტატია. იმისთვის, რომ სასამართლო განაჩენი აღსრულდეს მას დეპუტატის უფლებამოსილება უნდა ჩამოერთვას, რაზეც პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის მოთხოვნით, პარლამენტმა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი ჩამოართვა.

სხდომის მიმდინარეობისას მოსამართლემ დაასახელა რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც ამ საქმის არსებით განხილვას რამდენიმე წელი დასჭირდა: საქმის მოცულობა და საექსტრადიციო საკითხები, ასევე, ნიკა მელიას სხდომაზე გამოუცხადებლობა.

საქმე ეხება 2012 წლის დეკემბერში შსს-ს მიერ გაკეთებულ განაცხადს, რომ ორგანიზებულ- დანაშაულებრივ სქემაში სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შსს-ს მტკიცებით, მელიას და ადეიშვილის გეგმით ბიძინა ივანიშვილის ბანკი ქართუ პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო უნდა გაკოტრებულიყო. მაშინ ნიკა მელია აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.

"პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფოს უფლება ექნებოდა, აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული. იმ მიზნით, რომ ქართუს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდათ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის ნიკა მელიას ხელმძღვანელობით აუქციონი იშლებოდა, რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადაცემდა, ეკონომიკის სამინისტრო კი პრეზიდენტის განკარგულებით ქონებებს ასხვისებდა პირდაპირი მიყიდვის წესით", — განაცხადეს უწყებაში 2012 წელს.

ზურაბ ადეიშვილი წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა დროს იყო გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი. 2017 წელს ზურაბ ადეიშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე დამნაშავედ სცნეს და მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.