ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ თუ დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე პატიმრობას მიუსჯის, ბრძოლა მაინც გაგრძელდება. მისი თქმით, ტყუილად ჰგონია ივანიშვილს, რომ მისი დაჭერით "რამეს დაიჭერს" ან დარტყმას მიაყენებს ბრძოლას.

მელია განცხადებით, ივანიშვილმა დაინახა, რომ ელექტრონული სამაჯურით შეზღუდა, მაგრამ ვერ დაამარცხა, ამიტომ ძველი საქმე "ამოქექა" და "დააჩქარა", რომ გზიდან ჩამოეშორებინა.

"მურისიძის ხელით, ან ციხეში გამიშვებს, ან სხვა არასაპატიმრო სასჯელს გამოიყენებს. ერთ შემთხვევაში, არასაპატიმრო სასჯელის შემთხვევაში მე პარლამენტის დარბაზში ვიქნები და ოცნებაში დარჩენილმა დეპუტატებმა კვლავ ჩემი დარბაზში ყოფნის პირობებში უნდა მიაჭირონ ხელი პარლამენტიდან გამოგდების ღილაკს, მეორე შემთხვევაში — ციხეში და ჩემი დარბაზში არყოფნის პირობებში მიაჭერენ ხელს ღილაკს", — წერს მელია ფეისბუქგვერდზე.

მელია მხარდამჭერებს "ჭკვიანურად ბრძოლისკენ" მოუწოდებს.

"მთავარი ერთიანობაა, ერთად დგომაა და არა ის, სად იდგება შენი თანამებრძოლი —გარეთ, შენთან ერთად, თუ საკანში".

ქართული ბანკის გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას განაჩენს მოსამართლე დღეს გამოაცხადებს. ამავე საქმეზე მასთან ერთდ ბრალი წარდგენილი აქვს ყოფილ იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს. გამოძიება მათ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ბანკის გაკოტრების მცდელობას ედავება. დანაშაულის სავარაუდო მოტივად კი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლისთვის ხელის შეშლა სახელდება.

საქმე ეხება 2012 წლის დეკემბერში შსს-ს მიერ გაკეთებულ განაცხადს, რომ ორგანიზებულ- დანაშაულებრივ სქემაში სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

"პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფოს უფლება ექნებოდა, აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული. იმ მიზნით, რომ ქართუს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდათ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის ნიკა მელიას ხელმძღვანელობით აუქციონი იშლებოდა, რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადაცემდა, ეკონომიკის სამინისტრო კი პრეზიდენტის განკარგულებით ქონებებს ასხვისებდა პირდაპირი მიყიდვის წესით", — განაცხადეს უწყებაში 2012 წელს.