14 ოქტომბერს, თბილისში დაჭრილი, ტრანსგენდერი ქალის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა On.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ საგამოძიებო ორგანოებმა დეტალურად უნდა შეისწავლონ საქმე რეალური მოტივის გამოსაკვეთად, რადგან მსგავსი დანაშაულის გამოძიების დროს ნაკლებად ხდება აქცენტირება სიძულვილზე:

"ჩვენ უკვე მოვუწოდეთ პროკურატურას, რომ აუცილებელია გაირკვეს ჰქონდა თუ არა სიძულვილს ადგილი. ამ მიმართულებით ყველა შესაძლო ქმედება უნდა განახორციელოს საგამოძიებო ორგანოებმა. იმ ფონის და მსგავსი ფაქტების გათვალისწინებით, როდესაც ნაკლებად ხდება აქცენტირება სიძულვილზე, მსგავსი დანაშაულის გამოძიების დროს, ისევე როგორც დისკრიმინაციის მომენტებზე, ჩვენ მოვუწოდებთ რომ მათ გაითვალისწინონ ეს და მეტი ყურადღება გამოიჩინონ."

უჩა ნანუაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, მოუწოდა პროკურატურას საგამოძიებო პროცესი სავარაუდო სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მიმართულებით წარემართა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აღძრა და დამამძიმებელ გარემოებად სიძულვილით მოტივირებული დანაშაული არ გაითვალისწინა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით ისინი აკვირდებიან პროცესებს და ელოდებიან პროკურატურისგან რეალური მოტივის გამოკვეთას:

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტი რამ გამოიკვეთება. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია და გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ ვაკვირდებით პროცესს და იმედი მაქვს, რომ ეს მოტივი უფრო ნათლად გამოჩნდება და პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დადგინდეს რეალური სურათი."

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 18 ოქტომბერს დააკავა. 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გიორგი მურჯიკნელის ქცევა მოსამართლემ "საზოგადოებისთვის მომატებულ საფრთხედ" შეაფასა და მისი იზოლირება მიიჩნია საჭიროდ მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

დაჭრილი და ნაცემი ტრანსგენდერი ქალის მდგომარეობა ისევ მძიმეა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.