ლონდონში ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. 29 ნოემბერს ახალგაზრდა კაცი ლონდონის ცენტრში დანით გამვლელებს თავს დაესხა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე მოკლა.

ისლამური სახელმწიფოს საინფორმაციო სააგენტომ განაცხადა, რომ თავდამსხმელი მათი მებრძოლი 28 წლის უსმანა ხანია, თუმცა რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენიათ.

დიდი ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, ხანი 2012 წელს ტერაქტის მომზადებაში თანამონაწილეობისთვის დააკავეს. მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცაღა 2018 წელს პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს და ის ვალდებული იყო, რომ ელექტრონული სამაჯური ეტარებინა. პოლიციამ დაადასტურა, რომ თავდასხმის დღეს ხანს ელექტრონული სამაჯური ეკეთა.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ უსმანა ხანი ტერორისტული საქმიანობისთვის ბრალდებული იყო და ვადამდე ადრე გაათავისუფლეს, ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრმა, განაცხადა, რომ ვადამდე ადრე გათავისუფლების პირობები ტერორისტული საქმიანობისთვის ბრალდებულთათვის სასწრაფოდ გადაიხედებოდა.

ლონდონის ცენტრში თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი კემბრიჯის კურსდამთავრებული, 25 წლის ჯეკ მერიტი იყო. ის მსჯავრლდებულთათვის სარეაბილიტაციო პროგრამის ერთ-ერთი კოორდინატორი იყო. იმ დღეს კემბრიჯის უნივერსიტეტის ორგანიზებით სარეაბილიტაციო პროგრამის კონფერენცია გაიმართა, რომლის მონაწილეები იყვნენ როგორც სტუდენტები, ისე თვითონ უსმან ხანი.

გამოძიების ინფორმაციით, თავდაპირველად ხანი ყალბი ე.წ. შაჰიდის ქამრით დაემუქრა კონფერენციაზე მყოფებს. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ისინი მის დამშვიდებას ცდილობდნენ და მათ შორის იყო 42 წლის ჯეიმს ფორდი, რომელსაც ქალის მკვლელობისთვის 15 წელი მიუსაჯეს. მისი პატიმრობა მალე მთავრდებოდა და ის ერთი დღით კონფერენციაზე გაუშვეს.

გამოძიების ინფორმაციით, უსმან ხანი დანით თავს დაესხა დარბაზში მყოფებს, რის შემდეგაც ქუჩაში, ლონდონის ხიდისკენ გაიქცა, სადაც ის გამვლელებმა დააკავეს და განაიარაღეს.

თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ჯეკ მერიტი და კიდევ ერთი ქალი, რომლის ვინაობასაც ჯერ არ ასახელებენ. გარდა ამისა, დაიჭრა ერთი კაცი და ორი ქალი, რომელთა ვინაობაც, ასევე, უცნობია.

ადგილობრივ მედიაში ბევრს წერენ ლონდონის ხიდზე გამვლელების სიმამაცეზე. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ლონდონის ხიდზე მორბენალ თავდამსხმელს გამვლელები აჩერებენ და მას დანას ართმევენ.