შინაგან საქმეთა სამინისტრომ სწრაფი გადახდის აპარატის ინკასატორის ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში ფოთში ნიღბიანი და დანით შეიარაღებული ორი პირი ყაჩაღურად თავს დაესხნენ ინკასატორს. ბრალდებულებმა მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, დაზარალებულის მანქანიდან კი ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი 38 413 ლარი წაიღეს. უწყებისვე განმარტებით, ბრალდებულებმა ინკასატორი მანქანაში მიატოვეს და მიიმალნენ.

უწყების განცხადებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ავტომობილში დამონტაჟებული ვიდეორეგისტრატორი, რომელმაც დანაშაული დააფიქსირა.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლი კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, ასევე, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ორივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა.