მოძრაობა #სირცხვილია აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული ფორმატით, ხელისუფება ცდილობს პროტესტი ვიწროპარტიულ ინტერესად წარმოაჩინოს და უთანხმოების კერები გააჩინოს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ერთობაში. აქტივისტების თქმით, მიუხედავად ფორმატის მიუღებლობისა, ამ შეხვედრის ჩაშლის მორალური უფლება არ აქვთ.

"თავის მხრივ, მოლაპარაკებებზე წარმოდგენილმა პოლიტიკოსებმა უნდა იმოქმედონ მკაცრად განსაზღვრული მანდატით ერთადერთი შედეგის მისაღებად — პროპორციული არჩევნები ე.წ. გერმანული მოდელით და არ მისცენ შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილს, მოლაპარაკებები აქციოს პოლიტიკურ ფარსად, გამოიყენოს დროის გასაყვანად და საზოგადოების კიდევ ერთხელ მოსატყუებლად", — აცხადებენ ისინი.

მათი თქმით, სამოქალაქო საზოგადოება არასდროს შეურიგდება პოლიტიკურ კომპრომისებს ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე. მათივე თქმით, თუ პარტიები მიიღებენ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, რომელიც არ იქნება შესაბამისობაში საზოგადოების მოლოდინებთან, მათ უმწვავესი რეაქცია ექნებათ.

ოცნების შეხვედრა ოპოზიციის ნაწილთან და ე.წ. გერმანული მოდელი

სასტუმრო ბილტმორში ქართული ოცნების შეხვედრა ოპოზიციასთან და დიპლომატიურ კორპუსთან დახურულ კარს მიღმა რამდენიმე წუთში დაიწყება. შეხვედრას ოპოზიცისა და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებიდან მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრები; ასევე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები, დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე, აკაკი ასათიანი და ირაკლი კობახიძე ესწრებიან. შეხვედრაზე მიწვეულია პატრიოტთა ალიანსიც, რომელიც პროტესტის მოთხოვნებს იზიარებდა, მაგრამ ოპოზიციის აქციებს არ უერთდებოდა და საკუთარს მართავდა. მმართველმა გუნდმა შეხვედრაზე არ მიიწვია სამოქალაქო მოძრაობები.

შეხვედრის იდეა ქართულმა ოცნებამ მას შემდეგ გამოთქვა, რაც ამისკენ დიპლომატიურმა კორპუსმა მოუწოდა.

პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ მოძრაობა სირცხვილიამ ხელისუფლებას ე.წ. გერმანული მოდელი შესთვაზა, რასაც ოპოზიციური პარტიები და სხვა სამოქალაქო მოძრაობები დათანხმდნენ. ვინაიდან კანონპროექტის ჩაგდების მიზეზად მაჟორიტარი დეპუტატების უკმაყოფილება დასახელდა, პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ეს მოდელი მათ პარლამენტში მოხვედრასაც ითვალისწინებდა.

კერძოდ, მოდელის მიხედვით, პარლამენტში ადგილები არჩევნებზე მიღებული ხმების შესაბამისად განაწილდება. მისი საშუალებით, გამარჯვებული მაჟორიტარები იღებენ მანდატებს და შემდგომ მათ პარტიული სიიდან ემატებათ იმდენი დეპუტატი, რამდენიც მათ პროპორციის შესაბამისად ეკუთვნით.

მმართველი გუნდი შეთავაზებას არ დათანხმდა. ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებდა, რომ თემა დახურულია და ისინი სხვა ფორმატზე აღარ იმსჯელებენ.

ნოემბრის მოვლენები — მოკლედ

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.