საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მოძღვართან მისასვლა უსასყიდლოდ, სინანულითაა შესაძლებელი. ამ განცხადებით გამოეხმაურა ის გირჩის ახალ ინიციატივას, რომლითაც ბიბლიური თავისუფლება თავის მღვდელსამხურებს 50 ლარად მონანიებას და მათი ეკლესიის მსახურებიდან გასვლის შესაძლებლობას სთვაზობს.

"გირჩის თუ ბიბლიური თავისუფლების მიერ გაცემული არც ერთი საბუთი არ წარმოადგენს აუცილებელ ან საკმარის პირობას, მისი ყოფილი "მღვდელმსახურის" მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში დასაბრუნებლად. არამედ, სრულიად უსასყიდლოდ შესაძლებელია მოძღვართან მისვლა სინანულით. ბიბლიური თავისუფლების მიერ გაცემულ საბუთს კი სულ ერთია რას უზამენ", — წერს ჯაღმაიძე ფეისბუქზე.

რამდენიმე კვირის წინ სამტრედიაში გარდაცვლილი 24 წლის შაკო ბარამიძე, რომელსაც გირჩის ეკლესიის მღვდელმსახურის მოწმობა ჰქონდა, წესის აგების გარეშე დაკრძალეს.

ავტოავარიაში დაღუპულ 24 წლის ბიჭს სამხედრო სამსახურისთვის თავის ასარიდებლად ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურის მოწმობა ჰქონდა. მართლმადიდებელმა მღვდლებმა მას წესის აგებაზე უარი უთხრეს. გირჩში ამბობენ, რომ ბიჭის ოჯახს მისი მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა სურდათ. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძემ კი On.ge-სთან განაცხადა, რომ ეკლესია ვერ აუგებს წესს და ვერც რაიმე სხვა მსახურებას აღასრულებს ადამიანისათვის, რომელიც მისი წევრი აღარ არის.

გირჩში აღნიშნეს რომ ბიბლიურმა თავისუფლებამ გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა მათი ეკლესიის მღვდელმსახურად.