ალეკო ელისაშვილმა უპასუხისმგებლო უწოდა ქართული ოცნების ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უმრავლესობის წევრების "ემოციების დარეგულირებასთან" დაკავშირებით. მისი თქმით, ქვეყანაში კრიზისის ფონზე მსგავსი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს.

"ძალიან უპასუხისმგებლო და ამაზრზენი განცხადებაა. რას ჰქვია ახლა ძლივს ვაკავებთ, რომ გამოვიდნენ და გაგვტყიპონ. მოვიდნენ, გამოვიდეს მეჭიდაოს მაშინ, ხელი გადავწიოთ თუ რინგზე ავიდეთ, რა უბედურებაა, ეს რა განცხადებაა, რა ნათქვამია ამ ფონზე, როცა ორივე მხრიდან ესეთი დაძაბულია ვითარებაა", — თქვა ალეკო ელისაშვილმა მთავარ არხთან საუბრისას.

დღეს, 29 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ 100 დეპუტატი ეყოფოდა იმ 198 კაცს, რომელიც პარლამენტთან იყო.

"გვიწევს დეპუტატების შეკავება იმისათვის, რომ არ გამოხატონ ემოციები, გარე აქციასთან დაკავშირებით. ეს 100 დეპუტატი ეყოფა იმ 198 კაცს, რომლებიც არიან პარლამენტის გარშემო, თუ ემოციებზე არის საუბარი... შეაფასონ საკუთარი რესურსები და 200 კაცით მუშტებს ნუ აბრახუნებენ", — თქვა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.