ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით რეფორმების მხარდასაჭერად საქართველო საფრანგეთისგან 35 მლნ ევროს მიიღებს. შეთანხმებას ხელი დღეს, 29 ნოემბერს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კალასმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, გაელე ასაიაგმა მოაწერეს.

უწყების ინფორმაციით, საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოსთან თანამშრომლობს სოციალურ სფეროში 3-წლიანი (2018-2020) პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სოციალური მხარდაჭერისა და სოლიდარობის სისტემის განვითარება, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადეკვატური მომსახურების გაწევა, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფა; იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გამოყოფილი რესურსების ოპტიმიზაცია, რომელიც გულისხმობს ავარიული შენობის დახურვას; საჭიროების მქონე ოჯახის შესაბამის საცხოვრებელში განთავსებას და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებას.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 35 მილიონი ევროს ოდენობის პირველი ტრანში მიმდინარე წლის დასაწყისში უკვე ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.