საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ხვალ, 30 ოქტომბერს დღის პირველ ნახევარში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაა დაგეგმილი. მისი თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი თემა ე.წ. გერმანული მოდელი იქნება. კობახიძის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შეხვედრას დიპლომატიური კორპუსი დაესწრება:

"ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან. მეც მქონდა კომუნიკაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ელჩებთან. მათი ინიციატივაა, მიუხედავად იმ დესტრუქციული ქმედებებისა, რომლებსაც ოპოზიციის მხრიდან ისინიც ხედავენ, იქნებ დავმსხდარიყავით დიალოგის გარკვეულ ფორმატში.

კონსულტაციების საფუძველზე, საბოლოო ჯამში, ანგარიში გავუწიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში დაიწყება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც დაესწრება და გაიმართება დისკუსია. გერმანული მოდელი იქნება განხილვის ერთ-ერთი საგანი".

შეხვედრის დრო და ადგილი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ე.წ გერმანულ მოდელზე გადასვლის იდეა სამოქალაქო სექტორმა გააჟღერა, რასაც ოპოზიციამაც დაუჭირა მხარი. ვინაიდან კანონპროექტის ჩაგდების მიზეზად მაჟორიტარი დეპუტატების უკმაყოფილება დასახელდა, პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ეს მოდელი მათ პარლამენტში მოხვედრასაც ითვალისწინებდა.

კერძოდ, მოდელის მიხედვით, პარლამენტში ადგილები არჩევნებზე მიღებული ხმების შესაბამისად განაწილდება. მისი საშუალებით, გამარჯვებული მაჟორიტარები იღებენ მანდატებს და შემდგომ მათ პარტიული სიიდან ემატებათ იმდენი დეპუტატი, რამდენიც მათ პროპორციის შესაბამისად ეკუთვნით.

მმართველი გუნდი შეთავაზებას არ დათანხმდა. ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებდა, რომ თემა დახურულია და ისინი სხვა ფორმატზე აღარ იმსჯელებენ.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.