ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ მას დისკომფორტი არ ჰქონია, როდესაც 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე შეძახილების ფონზე შევიდა. ასე უპასუხა მან TV პირველის ჟურნალისტის კითხვას, უხერხული იყო თუ არა "სირცხვილიას" და "მონას" შეძახილების ფონზე შესვლა.

"რა თქმა უნდა არა, არ მქონდა არავითარი დისკომფორტი, იმიტომ რომ ძალიან კარგად მესმის და ძალიან კარგად ვხედავ რომ ყველა ეს აქცია არის ორგანიზებული და წარმართული ოპოზიციური პარტიების კონკრეტული წევრების მიერ. რა ტქმა უნდა ეს არის მათი დღის წესრიგი, მათი ე.წ. პერფორმანსი, მათი წარმოდგენა", — პასუხობს მინისტრი.

გუშინ, 28 ნოემბერს პარლამენტის პიკეტირების აქცია გაიმართა. აქტივისტებსა და ოპოზიციონერებს ქუჩები პოლიციის რკინის ჯებირებით დახვდათ ჩაკეტილი. პარლამენტის გარდა აქციის მონაწილეების ნაწილი მთავრობის კანცელარიასთან გადავიდა, სადაც მთავრობის სხდომა მიმდინარეობდა. ისინი აცხადებდნენ, რომ დისკომფორტს სტვენითა და შეძახილებით დეპუტატების მსგავსად მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც უქმნიან.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.