ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტიდან მსვლელობით მივიდნენ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. მათი ინფორმაციით, იქ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფება.

აქტივისტები ამბობენ, რომ ყველგან და ყოველთვის შეუქმნიან დისკომფორტს ქართული ოცნების წევრებს. ბიბლიოთეკასთან მობილიზებულია პოლიცია.

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

თეა წულუკიანი ბიბლიოთეკაში ბავშვთა უფლებათა კონვენციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გახსნის. ღონისძება 11:30-ზე უნდა დაიწყოს.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.