აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავღანეთში საიდუმლოდ ჩავიდა და ამერიკულ ჯარს ესტუმრა. როგორც BBC წერს, ბაგრამის ავიაბაზაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თალიბანის წევრები ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებისთვის მზად არიან. მისივე თქმით, აშშ "საგრძნობლად" შეამცირებს ჯარს ავღანეთში.

"ჩვენ ვხვდებით მათ [თალიბებს] და ვუცხადებთ, რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს. მათ არ სურდათ ეს, თუმცა ახლა სურთ. მჯერა, რომ ეს ასე მოხდება", — თქვა ტრამპმა ბაგრამში.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 18 წლისთავზე 13 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი რჩება ავღანეთში.

ფოტო: AP Photo/Alex Brandon

ვიზიტის დროს დონალდ ტრამპი ავღანეთის პრეზიდენტს აშრაფ ღანისაც შეხვდა. მან მადლობა გადაუხადა აშშ-ს ჯარებს, რომლებმაც ავღანეთში "მსხვერპლი გაიღეს".

ფოტო: AP Photo/Alex Brandon

ტრამპის ავღანეთში ჩასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე თალიბანმა ამერიკელი და ავსტრალიელი პროფესორები ტყვეობიდან გაათავისუფლა. ამერიკელი კევინ კინგი და ავსტრალიელი ტიმოთი ვიქსი 2016 წლიანი პატიმრობის შემდეგ სამხედროებში გაცვალეს.

აშშ-ს პრეზიდენტი ავღანეთში საღამოს 20:30-ზე ჩავიდა და შუაღამემდე დატოვა ტერიტორია. ვიზიტი უსაფრთხოების მიზეზებით მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის ტვიტერის გვერდზე ვიზიტის დროს მაინც ქვეყნდებოდა პოსტები, ხანგრძლივი დუმილის გამო ეჭვების გაჩენის თავიდან ასაცილებლად.

ჩასვლისას ის შეხვდა გაერთიანებული შტაბის უფროსს გენერალ მარკ მილეის, რომელმაც მანამდე უთხრა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შანსი ახლა ყველაზე დიდი იყო. ფოტოსესიის შემდეგ პრეზიდენტმა მადლიერების დღე მიულოცა ამერიკელ ჯარისკაცებს და მადლიერების დღის ვახშამზე ინდაურით გაუმასპინძლდა.

"ამ ადგილის გარდა არსად ვისურვებდი ამ მადლიერების დღის აღნიშვნას ", — თქვა ტრამპმა და დაამატა: "დედამიწაზე ყველაზე მკაცრ, ძლიერ, საუკეთესო და გაბედული მეომრებთან ერთად".