საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილს კითხვა განსაკუთრებულად იტაცებს: მაგალითად, ვიცით, რომ ის ნიცშეს კითხულობდა, თუმცა მთელ რიგ საკითხებში არ ეთანხმებოდა მას.

ფილოსოფიური კონცეფციების გაცნობის შემდეგ, როგორც ჩანს, ქართული ოცნების ლიდერი დისტოპიით დაინტერესდა და ამჯერად ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჯორჯ ორუელის 1984-ის შესახებ გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები:

"აი, გენიოსობა ორუელის არ გამოიხატება? მწერალი როგორ საუკუნეებს უძლებს. აი, გეგონება, რომ გუშინ პირდაპირ ქართველმა მწერალმა ნაცებზე დაწერაო".

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 1949 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა, ბიძინა ივანიშვილის აზრით, უკვე საუკუნეებს გაუძლო და თანაც, ის საუცხოოდ ასახავს ნაციონალური მოძრაობის მმართველობას საქართველოში, მაშინ კიდევ იმ 9 წიგნს გაგაცნობთ, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობის კრიტიკას ასეთივე წარმატებით ამოიკითხავდა.

1. ილიადა

აი, გეგონება, რომ ჰომეროსმა ტროაში მუხანათურად შეპარვის აღწერით 2003 წლის ვარდების რევოლუცია გააცოცხლა, როცა სააკაშვილი პარლამენტში შეიჭრა.

2. მეტამორფოზა

ფრანც კაფკამ იდეალურად გადმოგვცა თუ როგორ გადაიქცა პერსპექტიული, სახალხო პოლიტიკოსი, მიხეილ სააკაშვილი დესპოტ მმართველად.

3. პატრიარქის შემოდგომა

გაბრიელ გარსია მარკესმა ბიზნესწართმეული ქართველი კაცივით აღწერა ნაცების მმართველობის დიქტატორული სახე.

4. შიმშილის თამაშები

აი, სიუზენ კოლინზის გენიალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ 2008 წელს დაწერილმა რომანმა უკვე საუკუნეებს გაუძლო და ზუსტად ასახა სააკაშვილის მმართველობის დროს ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობის სიღარიბე და შიმშილი.

5. მექანიკური ფორთოხალი

ამ წიგნს ვინც წაიკითხავს, მიხვდება, რომ ენტონი ბერჯესი ნაცების მმართველობის დროს იჯდა გლდანის ციხეში და იქაური პატიმრების ყოფა აღწერა თავის ცნობილ რომანში.

6. შავი ჭირი

ალბერ კამიუს რომანი იდეალური ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორი გაუსაძლისი და მოუშორებელი ჭირი იყო ნაცების მმართველობა ქართველი ხალხისთვის.

7. ბეჭდების მბრძანებელი

ფენტეზის ჟანრის ეპოქალურ ნაწარმოებში ტოლკინმა ლამის რელიგიური სულისკვეთებით აღწერა, თუ როგორ დაამარცხა ქართულმა ოცნებამ ნაცების ცხრაწლიანი ბოროტება.

8. ჯინსების თაობა

სახელმწიფოს მართვის სადავეების დაკარგვის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრების ქვეყნიდან გაქცევის მცდელობების შესახებ კი დათო ტურაშვილმა გვიამბო.

9. გოდოს მოლოდინში

ნაცების ფუჭ და ამაო მოლოდინზე, რომ ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნდებიან, სემუელ ბეკეტიმ მოგვითხრო.