მედიის განვითარების ფონდის (MDF) კვლევის მიხედვით, საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, ფეისბუკში კვლავ გამოჩდნენ სახელისუფლებო ტროლები. კვლევამ 21 ტროლი გამოავლინა, რომელიც სხვადსხვა სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული მომხმარებლების იდენტობებს იპარავენ.

როგორც ფონდი განმარტავს, სახელისუფლებო ტროლები აქციების მონაწილეების დისკრედიტაციას ახდენდნენ და ხელისუფლების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდნენ.

ფონდის ანგარიშის მიხედვით, გამოვლენილი 21 ტროლიდან 5 მართავს ერთი და იმავე სპამ ჯგუფებს, სადაც ისინი აქციის მადისკრედიტირებელი შინაარსის პოსტებს აზიარებდნენ. ამ ჯგუფების 5 ადმინისტრატორიდან 2 დეაქტივირებულია. პოსტების ჯგუფებში გაზიარების სქემა ტროლების კოორდინირებულ მოქმედებაზე მიუთითებს. ეს ჯგუფებია: უნივერსალური, უფალო შეგვიწყალენ, საინტერესო, პოსტალიონი, ბიძინა ივანიშვილი ჩემი თანამოქალაქეა.

"აქციის დისკრედიტაციასთან ერთად აღნიშნული ტროლები ხელისუფლების მხარდამჭერ გზავნილებსაც ავრცელებდნენ. ერთი მხრივ, ამართლებდნენ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციების ძალის გამოყენებით დაშლას, ასევე ახდნენდნენ პოლიტიკური ოპოზიციის დისკრედიტაციას. ტროლები აზიარებდნენ დიმიტრი ხუნდაძისა და გიორგი ვოლსკის პოსტებს საპროტესტო აქციისა და კანონპროექტის ჩავარდნის შესახებ", — ნათქვამია კვლევაში.

გამოვლენილი ტროლების უმეტესობა ფეისბუკზე 2019 წელსა დარეგისტრირებული. გამოვლენილი 21 ტროლიდან, უმეტესობა 2019 წლის 20-21 ივნისის ღამის შემდეგაა დარეგისტრირებული.

ეს არ არის სახელისუფლებო ტროლების პირველი აქტიურობა. როგორც ცნობილია, სახელისუფლებო ტროლები სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით აქტიურდებიან, მაშინ როცა ქვეყანაში საპროტესტო ტალღა იმატებს. ისინი ხელისუფლების მოწინააღმდეგე ადამიანებისა თუ ორგანიზაციების დისკრედიტაციას ეწევიან და ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებს ამართლებენ.