საქართველოს უნივერსიტეტი საქართველოს ექვს რეგიონში ბიბლიოთეკებს გახსნის. ეს არის კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო-სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონულ ოფისებში სამკითხველო სივრცეები მოეწყობა.

სიახლის შესახებ საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ ისაუბრა.

გვიამბეთ უნივერსიტეტის ახალი წამოწყების შესახებ

საქართველოს უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს იყოს პასუხისმგებლიანი კორპორაციული მოქალაქე, 2 წლის წინ საქართველოს ექვს რეგიონში (შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, კახეთი, გურია-აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი) ოფისები გავხსენით და ადგილობრივ მოსახლეობას სისტემატიურად ვთავაზობთ სხვადასხვა საგანმანათლებლო - შემეცნებით ღონისძიებებს. რაც შეეხება, ბიბლიოთეკებს გადავწყვიტეთ ოფისებს — მეტი დატვირთვა, მოსახლეობას კი მეტი საგანმანათლებლო ბენეფიტი მივცეთ.

ძირითადად რა ჟანრის ლიტერატურა იქნება წარმოდგენილი და ვის შეეძლება სარგებლობა?

ბიბლიოთეკების გახსნა რეგიონებში დამატებითი შესაძლებლობაა, რომ ადგილობრივები გაეცნონ მათთვის საინტერესო ლიტერატურას. ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, მოთხოვნა მეტწილად პროფესიულ წიგნებზეა, ამიტომ ჩვენს ბიბლიოთეკებში უმეტესად პროფესიული წიგნები იქნება, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.

გარდა დარგობრივი ლიტერატურისა, იქნება მხატვრული და საბავშო ლიტერატურაც. ასევე, სახელმძღვანელოები, რომლებიც განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს მაღალკლასელებს (მე-11, მე-12) და მასწავლებლებს. ბიბლიოთეკით სარგებლობა კი შეეძლება ყველას.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროფესორ-ლექტორებიც ჩაერთვნენ ამ წამოწყებაში და მათ ბიბლიოთეკებს აჩუქეს თავიანთი საყვარელი წიგნები. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ბიბლუსს თანამშრომლობისთვის.

რას გვეტყვით რეგიონულ ოფისებზე ?

როგორც აღვნიშნე, რეგიონული ოფისები ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. ვცდილობთ, განათლება გავხადოთ ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით.

2 წელია აღნიშნული ოფისები სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ყველა დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს მიიღონ და გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. დაესწრონ სრულიად უფასოდ ტრენინგებს, საჯარო ლექციებს, მასტერკლასებს და სხვა. ჯამში 200-ადმე შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიება ჩავატარეთ ამ დროის განმავლობაში. მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი ღონისძიებების მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია მოსახლეობის მხრიდან და მათგანაც ბევრი ინიციატივა მოდის. დარწმუნებული ვარ ბიბლიოთეკებსაც ბევრი ერთგული მკითხველი ეყოლება.

როდისთვის იგეგმება ბიბლიოთეკების გახსნა ?

ვმუშაობთ მთელი დატვირთვით და ვფიქრობ, თებერვლისთვის ექვსივე რეგიონულ ოფისს ექნება ბიბლიოთეკა.