პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შეფასებით, ბოლო დღეების განმავლობაში "დესტრუქციული ქმედებების" მიზანი არა ცალკეული ინსტიტუტების, არამედ სახელმწიფოს ბლოკირებაა. მისი თქმით, მთავრობა ადასტურებს, რომ გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ამ თემებზე გიორგი გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"ბოლო დღეების განმავლობაში აშკარად ჩანს, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ყველა ეს დესტრუქციული ქმედება მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას. ეს არ ნიშნავს ცალკეული ინსტიტუტების ბლოკირებას, ეს ნიშნავს სრულად სახელმწიფოს ბლოკირებას. ამიტომ, მინდა მოგიწოდოთ თითოეულ თქვენგანს, გავაორმაგოთ ჩვენი ყურადღება ჩვენი კონცენტრაცია, რომ ყოველდღიურად, ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელოთ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება რამეთუ ჩვენი ვალდებულებაა, ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე", — თქვა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, ზოგიერთ პოლიტიკოსს გამოხატვის თავისუფლება პოლიციელის შეურაცხყოფა, პარლამენტში შეჭრა ან პიკეტირება ჰგონია. მან აღნიშნა, რომ მსგავს ნაბიჯებზე პასუხი იქნება სრულად კანონიერი და გააზრებული.

დღეს, 28 ნოემბერს პარლამენტთან აქცია იმართება. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ცდილობენ დეპუტატები შენობაში არ შეუშვან. 26 ნოემბერს, გამთენიისას პარლამენტთან შეკრებილი აქტივისტები, ისევ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. დაშავდა 3 ადამიანი, 28 კი დააკავეს. გასული 12 საათის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეებს ხელს უშლიდა და ართმევდა შეშას და რკინის კასრებს, რომლითაც მათ ღამით გათბობა სურდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ვერსიით, ეს იყო კანონის მოთხოვნების შესრულება. ამ შეზღუდვას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. მან განმარტა, რომ მსგავსი შეზღუდვა კანონიერი არაა.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე "დააბოქლომეს" პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია. ასევე, ისინი ბოქლომს ადებენ მაჟორიტარი დეპუტატების ოლქებს.

ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარზე ბოქლომი ჩამოკიდეს. გარდა ამისა, ბოქლომები დაადეს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისა და დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ბიუროს ოფისებს. "დაბოქლომებულია" ასევე მთავრობის კანცელარია, პროკურატურა და პრეზიდენტის რეზიდენცია.