ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვერსიით, ციხეში წამების ამსახველი კადრები ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა. მისი თქმით, ასე სურდა წინა ხელისუფლებას საზოგადოების მორჩილება.

"შეგნებულად გამოიტანეს ციხეში რაც ხდებოდა, აჩვენეს, რომ ხმა არ ამოიღოთ", — თქვა ივანიშვილმა.

სწორედ ციხეში წამების ამსახველი კადრების გასაჯაროების გამო 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე საქართველოში მასშტაბური აქციები დაიწყო. ამ კადრებიდან რამდენიმე კვირაში კი ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციურ პარტიად იქცა, არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო.