საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International აცხადებს, რომ 21 და 26 ნოემბერს თბილისში სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლისას ძალა არაპროპორციულად იყო გამოყენებული. ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ თავი შეიკავოს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არასაჭირო ძალის გამოყენებისგან.

"ძალა უნდა გამოიყენონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არაძალადობრივი საშუალებები არაეფექტურია. ასევე, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა სცადონ, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ ზარალი და დაზიანებები", — წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ წყლის ჭავლით აქციის დაშლაც არასაჭირო და არაპროპორციული მეთოდი იყო.

"წყლის ჭავლის გამოყენება მხოლოდ იმ სიტუაციაში შეიძლება, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა პირებისა და ჯგუფების განცალკევება და როდესაც ძალადობრივი დაპირისპირება იმდენად იზრდება, რომ სამართალდამცავებს მისი განეიტრალება არ შეუძლიათ.

წყლის ჭავლის გამოყენებისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სხვა ფაქტორებიც, მათ შორის ზედმეტად ცივი ამინდიც, რომელმაც შეიძლება უფრო გაამძაფროს მის მიერ მიყენებული ზარალი".

ორგანიზაციას გაეროს ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელო წესები მოჰყავს, რომლის თანახმადაც, წყლის ჭავლის გამოყენება შეიძლება მხოლოდ სერიოზული მასობრივი არეულობისას, როდესაც ადამიანების დაზიანებისა და გარდაცვალების ან ქონების განადგურების მაღალი ალბათობა არსებობს. ამავე წესდების მიხედვით, წყლის ჭავლი არ უნდა იყოს დამიზნებული კონრეტულ პირებზე და არ შეიძლება მისი ახლო მანძილიდან გამოყენება.

ასევე, ორგანიზაცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მომიტინგეების ადმინისტრაციული კოდექსით დაპატიმრება მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი პოლიციის ელემენტარულ მითითებებს არ ემორჩილებიან ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების გახსნის შესახებ.

Amnesty International განმარტავს, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება მოქალაქეებს მხოლოდ მაშინ შეიძლება შეეზღუდოთ, როდესაც ამის გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს. მათი თქმით, ამ პირობებში, პარლამენტის რამდენიმესაათიანი პიკეტირება ასეთ პრობლემებს არ ქმნიდა.

26 ნოემბერს, გამთენიისას პარლამენტთან შეკრებილი აქტივისტები, ისევ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. დაშავდა 3 ადამიანი, 28 კი დააკავეს. გასული 12 საათის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეებს ხელს უშლიდა და ართმევდა შეშას და რკინის კასრებს, რომლითაც მათ ღამით გათბობა სურდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ვერსიით, ეს იყო კანონის მოთხოვნების შესრულება. ამ შეზღუდვას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. მან განმარტა, რომ მსგავსი შეზღუდვა კანონიერი არაა.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე "დააბოქლომეს" პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია. ასევე, ისინი ბოქლომს ადებენ მაჟორიტარი დეპუტატების ოლქებს.

ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარზე ბოქლომი ჩამოკიდეს. გარდა ამისა, ბოქლომები დაადეს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისა და დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ბიუროს ოფისებს. "დაბოქლომებულია" ასევე მთავრობის კანცელარია, პროკურატურა და პრეზიდენტის რეზიდენცია.