შვეიცარიელ ბიზნესმენს მესამე რაიხის ლიდერის სუვენირების შეძენისას ერთი მიზეზი ამოძრავებდა — ნივთები ებრაელებისთვის გადაეცა.

"მე ეს კაცობრიობისთვის გავაკეთე, უბრალოდ მინდოდა, რომ ეს ნივთები ბრუნვაში აღარ ყოფილიყო", — თქვა აბდალა ჩატილამ.

გერმანიაში გამართულ აუქციონზე მის მიერ შეძენილ ნივთებს შორისაა ჰიტლერის პერსონალური სიგარების ყუთი, შლაპა, მისი დაწერილი წიგნი, სკოლის მეგობრისთვის გაგზავნილი პირადი წერილები და სხვა ნივთები.

შლაპა, ინიციალებით A H ადოლფ ჰიტლერს ეკუთვნოდა

ფოტო: Getty Images

სუვენირები ისრაელში გაიგზავნება და არასამთავრობო ორგანიზაცია Keren Hayesod-ს გადაეცემა.

"მათი განადგურება მსურდა, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე, რომ ებრაული ორგანიზაციისთვის გადამეცა, რომელიც ამ ნივთების ბედს გადაწყვეტს", — ამბობს ბიზნესმენი.

აუქციონზე წარმოდგენილი ნაცისტური სვასტიკით გამოსახული ნივთები

ფოტო: Reuters

აუქციონამდე ევროპის ებრაელთა ასოციაციამ (EJA) გერმანიის პოლიტიკურ ლიდერებს საჯარო წერილით გაყიდვების შეჩერება სთხოვა:

"ჰიტლერის სუვენირების აუქციონზე გამოფენა იგივეა, რაც ოსამა ბინ ლადენის ან ანდრეს ბრეივიკის ნივთების გაყიდვა".

აუქციონის შემდეგ კი ასოციაციის წარმომადგენლობამ ბიზნესმენს მადლობა გადაუხადა. აბდალა ჩატილამ ჰიტლერის სუვენირებში ჯამში 680 ათასი დოლარი დახარჯა და როგორც ის ამბობს, არც ერთ პენის არ ნანობს.