"მამამ შვილი მოაწყო", — ამ მესიჯით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. მათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან გზირიშვილის კარზე გააკრეს ფურცლები შესაბამისი წარწერით.

საბჭოს არამოსამართლე წევრების მთავარი სათქმელია ის, რომ უნდა დასრულდეს ნათესაური ნიშნით დანიშვნა სასამართლო სისტემაში. მათივე თქმით იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ინიშნებიან კლანთან დაახლოვებული პირები.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ლევან გზირიშვილმა "კორუფციული მეთოდებით" მოაწყო შვილი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, რითაც მის მოსამართლეობას ჩაუყარა საფუძველი.

"ჩვენს წინაშეა ფაქტი, როგორ არიან გარიგებული ნათესავები იუსტიციის საბჭოში. ამ შემთხვევაში იუსტიციის საბჭოს წევრმა, ლევან გზირიშვილმა, რომელიც მხარს უჭერს კლანს, მოაწყო იუსტიციის სკოლაში ალექსანდრე გზირიშვილი. ჩვენ დაბრუნებული ვართ საბჭოთა ეპოქაში", — ამბობს ანა დოლიძე.