ევროპული საქართველოს წევრის, ირმა ნადირაშვილის თქმით, ოპოზიციის წევრებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებენ. ამის შესახებ ნადირაშვილმა დღეს, 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ჟურნალისტებს ვიდეომასალაც უჩვენა.

როგორც ნადირაშვილი აცხადებს, ვიდეო იმ დროს გადაიღო, როცა ევროპული საქართველოს ოფისთან საეჭვო მანქანა შენიშნა. მისი თქმით, საეჭვო პირები პარტიის ოფისს ორი დღის განმავლობაში უთვალთვლებდნენ და ფოტოებს უღებდნენ.

"ჩვენ ვხედავდით, რომ ამ მანქანაში მყოფი ადამიანები, რომლებიც იცვლებოდნენ, იღებდნენ ფოტოებს და შემდეგ სატელეფონო საუბრებს აწარმოებდნენ. შესაბამისად, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ისინი თავის სამსახურებს აწვდიან ინფორმაციას, თუ რა ხდებოდა ამ ოფისში", — განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, საეჭვო პირი უარყოფს, რომ სუს-ის წარმომადგენელია და საპატრულო ეკიპაჟის გამოძახების შემდეგ ტერიტორიას ტოვებს. როგორც ნადირაშვილი აღნიშნავს, საპატრულო ეკიპაჟს თვალთავლთან დაკავშირებითი ინფორმაცია ორი დღის წინ გადასცა და მას შემდეგ კრიმინალური პოლიციიდან არავინ დაკავშირებია.

როგორც On.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, თავად დაგვიკავშირდებიან.

ევროპული საქართველო ერთ-ერთია იმ ოპოზიციურ ძალებს შორის, რომლებიც მმართველი პარტიის მიერ 2020 წლისათვის სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდებას აპროტესტებენ.