20 ივნისის ღამეს დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ციხეში მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო. მისი თქმით, რამდენჯერმე შესთავაზეს, რომ ოპოზიციის ლიდერებისთვის, გიგი უგულავასთვის, ნიკა მელიასთვის და ირაკლი ოქრუაშვილისთვის "ხელი დაედო" და გაანთავისუფლებდნენ.

ზურაბ ბუდაღაშვილმა მოყვა, რომ პირველად, ამ თემაზე მასთან სასაუბროდ საკანში 6 ივლისს ორი პიროვნება შეხვდა.

"შემოვიდა ორი პიროვნება, სამოქალაქო ტანსაცმელში, ჩვეულებრივად, პირდაპირ მითხრეს, რომ მე თუ არ ვიტყოდი ოქრუაშვილზე, მელიაზე და უგულავაზე, თუ არ დავადებდი ხელს, პირდაპირ მითხრეს, რომ შენს უკან ხალხი დგას მარტო შენ არ ხარ, ძმები გყავს და იმაზეც იფიქრე, ჩვენ შეგვიძლია გაგიყვანოთ, ყველაფერი ისე დავალაგოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება", — თქვა ზურაბ ბუდაღაშვილმა.

"გავრილოვის ღამეს" დაკავებულის თქმით, ასეთი შემთხვევა განმეორდა 18 ივლისსაც, როცა შესთავაზეს, რომ თუ სამი პიროვნებიდან ერთ-ერთს ხელს დაადებდა გაანთავისუფლებდნენ.

"18 ივლისს იგივე რამე მოხდა, ოღონდ სხვა საკანში, ეგრეთ წოდებული პატიმრები იყვნენ. მითხრეს, ჩვენ გვაქვს ხოდი პროკურატურასთან და უბრალოდ შენი თანხმობა გვინდა, ყველაფერი კარგად იქნება... რა გინდა, ახალგაზრდა ბიჭი ხარ, რის გამო ზიხარ, ამის შემდეგ გადის ერთი კვირა და 24 ივლისს აბსურდული ბრალდებით ჩემს ძმას აკავებენ", — თქვა ზურაბ ბუდაღაშვილმა.

ოპოზიციურ ლიდრებს ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილის 20 ივნისის ღამეს, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის ბრალი აქვთ წარდგენილი. ნიკა მელიას საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა და სხვა შეზღუდვებიც დაუწესა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება. იგივე საქმეზე სასჯელს საპატიმროში იხდის ირაკლი ოქრუაშვილი.

სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 20 ივნისის ღამეს დაკავებული კიდევ 7 პირი. ყველა მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალი 6-იდან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯამში 305 ადამიანი დააკავა.