ლიტერატურის მოყვარულები დიდი დღესასწაულისთვის უკვე ემზადებიან. 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. ტრადიციულად, ფესტივალი სიახლეების გარეშე არ ჩაივლის. წიგნის დღეებისთვის განსაკუთრებით ემზადება სულაკაურის გამომცემლობა, რომელმაც სპეციალურად ფესტივალისთვის ახალი წიგნების გრძელი და შთამბეჭდავი სია მოამზადა.
თარგმნილ პროზაში გამომცემლობა მრავალფეროვან, სხვადასხვა ასაკისთვისა და გემოვნებისთვის შესაფერის ახალ წიგნებს წარმოგიდგენთ:

1. ჟოზე სარამაგუ — სპილოს მოგზაურობა

მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

სარამაგუს ერთ-ერთი ბოლო რომანი, სპილოს მოგზაურობა ისტორიულ ამბავს ეფუძნება და მოგვითხრობს გოადან პორტუგალიაში საჩუქრად გაგზავნილი სპილო სოლომონის მოგზაურობას ხელახლა გაჩუქების შემდეგ – პორტუგალიიდან ავსტრიამდე. სოლომონი, იგივე სულეიმანი, რომელიც პორტუგალიის მეფე ჟუან მესამემ ავსტრიის ერცჰერცოგ მაქსიმილიანს საქორწინო საჩუქრად მიართვა, თავის მომვლელ სუბჰროსთან ერთად რთულსა და გრძელ, ცნობისმოყვარე გამცილებლებით დატვირთულ გზას გადის ლისაბონიდან ვენამდე და მგზავრობისას ათას ხიფათსა და არაერთ უცნაურ ადამიანს გადაეყრება.

ერთი შეხედვით ბანალურ, მაგრამ ძალიან საინტერესო მოგზაურობის ისტორიას სარამაგუ თხრობის ჩვეული სტილით, მსუბუქი იუმორითა და ირონიით გვიყვება.

2. სეეს ნოტებოომი — რიტუალები

მთარგმნელი: ანა კორძაია-სამადაშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

სეეს ნოტებოომი ცნობილი ნიდერლანდელი მწერალია, რომელსაც დღემდე ნობელის პრემიის ლაურეატადაც ხშირად განიხილავენ. რიტუალები, როგორც ამას სათაურივე მიგვანიშნებს, გვიხატავს ადამიანის ცხოვრებას, როგორც მრავალი რიტუალის ერთობლიობას. რომანის მთავარი გმირი, ინი ვინტროპი, ამსტერდამის მკვიდრი ორმოციოდე წლის მამაკაცი, რომელიც მოულოდნელად მიატოვა საყვარელმა ცოლმა, გადაწყვეტს, თვითმკვლელობით დაასრულოს სიცოცხლე, მაგრამ ეს მისი ისტორიის არც დასაწყისია და არც დასასრული.

ავტორი თავისი სახასიათო, მსუბუქი, ირონიული და მელანქოლიური ენით, პრუსტისეული სიღრმით მოგვითხრობს ინი ვინტროპის თითქოსდა არაფრით გამორჩეულ და, ამავე დროს, უნიკალურ ისტორიას, რომელზედაც ღრმა კვალს, როგორც მოთხილამურე თოვლზე, მხოლოდ შთაბეჭდილებები ტოვებს – მთავარი, რაც რიტუალების გრძელ ჯაჭვში ადამიანს რჩება.

3. იმრე კერტესი — უბედობა

მთარგმნელი: ანა აბულაშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ნობელიატი მწერლის, იმრე კერტესის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ამავე დროს, ავტობიოგრაფიული რომანი, უბედობა 1973-1975 წლებში დაიწერა. რომანის მთავარი გმირი, 15 წლის ბუდაპეშტელი ბიჭი, კიოვიში, წარმოუდგენელი სიზუსტით და ობიექტურობით აღწერს ოსვენციმისა და ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკებს, თუმცა ბოლოს ეს ყველაფერი თითქოს უკანა პლანზე გადადის და წინ მისი ფიქრები, განცდები, დამოკიდებულებები, გადარჩენის მისეული გზა ინაცვლებს.

მწერალი საინტერესო კუთხით გვიჩვენებს გმირის დაბრუნებას ბუდაპეშტში. სამშობლოში დაბრუნებული კიოვიში თავიდან მხოლოდ სიძულვილს გრძნობს, მაგრამ ძლიერი პიროვნული თვისებების წყალობით იმარჯვებს მთელ ნაცისტურ საშინელებებზე და წარმოუდგენელი ოპტიმიზმით ივსება.

4. ნიკოლო ამანიტი - მე და შენ

მთარგმნელი: თეა ნიკობაძე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ნიკოლო ამანიტის ხშირად თავისი თაობის საუკეთესო იტალიელ მწერლად მოიხსენიებენ. რომანი მე და შენ მსოფლიოში დიდი წარმატებით სარგებლობს. 2012 წელს ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა ბერნარდო ბერტოლუჩიმ წიგნის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელიც არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.
მე და შენ საკუთარ თავში ჩაკეტილი 14 წლის ბიჭის, ლორენცო კუნის მიერ მოთხრობილი ამბავია მარტოსულობაზე, გარე სამყაროს მიმართ შიშსა და უნდობლობაზე, ბულინგსა და ნარკომანიაზე. ლორენცოს ხშირად აბუჩად იგდებენ სკოლაში, დასცინიან და ფიზიკურადაც უსწორდებიან. მან იცის, რომ ერთადერთი გამოსავალი საკუთარ ინდივიდუალობაზე უარის თქმა და გარშემომყოფების მსგავსად მოქცევაა. თუმცა მან ისიც იცის, რომ მიბაძვა მხოლოდ ნიღაბია, ერთგვარი თამაში, რომელიც მოზარდების სასტიკ და აგრესიულ სამყაროში გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა, თუმცა ყველაფერი მაშინ იცვლება როცა მის ცხოვრებაში 23 წლის ნახევარდა შემოიჭრება…

5. რიჩარდ იეიტსი - ამბოხის გზა

მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ამერიკელი მწერლის, რიჩარდ იეიტსის 1961 წელს გამოსულმა პირველმა რომანმა ამბოხის გზა, რომელიც ქართულად სერიაში "რომანები სიყვარულზე" გამოიცემა, მალევე მოიპოვა პოპულარობა მკითხველებში. ფრენკი და ეიპრილი ახალგაზრდა წყვილია. მათ ყველაფერი აქვთ, რასაც შეიძლება ამერიკული ოცნება ვუწოდოთ: ლამაზი სახლი გარეუბანში, ორი შვილი, კეთილგანწყობილი მეზობლები და ფრენკის მაღალანაზღაურებადი სამსახური მანჰეტენზე; ისინი მუდამ ცხოვრობენ მოლოდინით, რომ ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა... თუმცა, სულ მალე მათ ცხოვრებაში კითხვების დრო დგება — იქნებ მათ ზედმეტად ადრე შექმნეს ოჯახი ან იქნებ ფრენკის სამსახური ძალიან მოსაწყენია, ეიპრილი კი არასდროს ხედავდა საკუთარ თავს დიასახლისად?
2008 წელს რომანის მიხედვით სემ მენდესმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარ როლებს კეიტ უინსლეტი და ლეონარდო დიკაპრიო ასრულებენ. ფილმი დიდი მოწონების სარგებლობს მაყურებლებში.

6. ჰარუკი მურაკამი — მოსამართი ჩიტის ქრონიკები

მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

მოსამართი ჩიტის ქრონიკები პირველად 1994-1995 წლებში გამოიცა იაპონიაში და უმალ იქცა მკითხველებისთვის სათაყვანებელ წიგნად. წიგნი ჰარუკი მურაკამის ყველაზე მასშტაბური ნაშრომია. შთამბეჭდავი რომანი, რომელშიც ერთმანეთს ენაცვლება დაძაბულობა და იუმორი, ერთი მხრივ, დეტექტივს მოგვაგონებს, მეორე მხრივ კი, ერთი არშემდგარი ქორწინების ისტორიაა, რომელსაც რეფრენად გასდევს მეორე მსოფლიო ომის საიდუმლოებები.

რომანი ორაზროვანი, გაურკვეველი და დამაინტრიგებელი მოვლენებითაა სავსე, რომლებსაც მურაკამი მისთვის დამახასიათებელი ოსტატობით გადმოგვცემს, რაც წიგნს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

7. ჰენრი ჯეიმსი — მარწუხებში, ასპერნის წერილები

მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ჰენრი ჯეიმზი ამერიკულ-ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსია. თავის თხზულებებს იგი წერდა 50 წლის განმავლობაში, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, ჯერ, როგორც რეალიზმის, შემდეგ კი მოდერნიზმის მიმდევარი.

მისტიკურ-ფსიქოლოგიური მოთხრობა მარწუხებში მავანი ლონდონელი დენდი დაობლებული ძმისშვილების მეურვე ხდება, რომლებსაც ის მსახურებთან ერთად თავის ქალაქგარეთ მდებარე სასახლეში დააბინავებს, ახალგაზრდა გუვერნანტს კი, რომელიც მოგვითხრობს სასახლეში რეალურად მომხდარ ამბებს, პირობას ჩამოართმევს, არასოდეს, არანაირ ვითარებაში არ შეაწუხოს პატრონი და გადაწყვეტილებები თავად მიიღოს. თანდათანობით გოგონას უცხო ქალისა და მამაკაცის ფიგურები ეცხადება – გარდაცვლილი მსახურების აჩრდილები, რომლებიც ბავშვებს სდევნიან...

რომანში ასპერნის წერილები დიდი პოეტის, ჯეფრი ასპერნის შემოქმედების მკვლევარი ვენეციაში ჩადის და ცდილობს, გაიცნოს მწერლის ყოფილი სატრფო, ჯულიანა ბორდერო და მისი გაუთხოვარი დისშვილი ტინა. ქალები განმარტოებით ცხოვრობენ დიდ სახლში. ჯულიანა გულმოდგინედ ინახავს ასპერნის წერილებს, რომელთა ხელში ჩაგდებასაც ცდილობს რომანის მთავარი გმირი. მისთვის ვენეციაში გატარებული დრო დაუვიწყარ მოგონებად იქცევა...

8. მურასაკი შიკიბუ — ამბავი უფლისწული გენჯისა

მთარგმნელი: ლილი მჭედლიშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

იაპონიის სამეფო კარის სეფექალის, უძველესი გვარის, ფუჯივარას წარმომადგენლის, მურასაკი შიკიბუს მიერ შექმნილი ნაწარმოები ამბავი უფლისწული გენჯისა XI საუკუნეში შეიქმნა და მსოფლიოში ცნობილია, როგორც პირველი რომანი.

რომანში მკითხველის თვალწინ იშლება ჰეიანელი არისტოკრატიის ყოველდღიური ცხოვრების სურათები. მკაფიოდ დახატული პერსონაჟები, ეროტიკული კოლორიტი, მძაფრი გრძნობები და ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა არც თანამედროვე მკითხველს დატოვებს გულგრილს.

XI საუკუნეში შექმნილი ეპოპეა 54 თავისაგან შედგება. ამ წიგნში მოცემული 15 თავი წარმოდგენას შეგიქმნით იმ პერიოდის იაპონიის არამდგრადი პოლიტიკური მდგომარეობის, სახელმწიფო წყობისა და კულტურის შესახებ. დართული შენიშვნები და კომენტარები დაგეხმარებათ, იმ პერიოდის იაპონიის პოლიტიკურ და სოციალურ იერარქიასა და უძველეს ტრადიციებში გაერკვეთ.

9. ჯო დანთონი - წყალქვეშა ნავი

მთარგმნელი: ბესო გვენეტაძე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ჯო დანთორნი თავის წიგნში წყალქვეშა ნავი იმ სირთულეებს აღგვიწერს, რომელთა წინაშეც ნებისმიერი თინეიჯერი დამდგარა: უთანხმოება ოჯახში, სკოლის ყოველდღიური, რუტინული ყოფა, პირველი სიყვარული... თხუთმეტი წლის ოლივერ ტეიტი უელსში, ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს და ცხოვრებაში გარდამტეხი პერიოდი აქვს. იგი ერთდროულად ცდილობს ყველა საქმესთან გამკლავებას, საატესტატო გამოცდებისთვის მომზადებასა და ურთიერთობების შენარჩუნებას. ოლივერი პატარა ჯაშუშივით იკვლევს გზას ზრდასრულ ცხოვრებაში და ნებისმიერი ასაკის მკითხველს აქცევს თავისი ემოციური მოგზაურობის თანაზიარად.

2010 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა ჯო დანთორნის წიგნის, წყალქვეშა ნავის, მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმი, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობს ახალგაზრდებში.

10. კერენ მაკმანუსი - ერთი ჩვენგანი ტყუის

მთარგმნელი: ნინო დემურია

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

თანამედროვე ამერიკელი მწერლის, კერენ მ. მაკმანუსის რომანი-დეტექტივი ერთი ჩვენგანი ტყუის გამოსვლის დღიდანვე მოექცა ნიუ-იორკ ტაიმსის ბესტსელერების სიაში და დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. ერთი ჩვენგანი ტყუის ამერიკის ქალაქ ბეივიუს სკოლის მოსწავლის, საიმონ კელეჰერის ტრაგიკული სიკვდილის შემსწრე ამავე სკოლის ოთხი მოსწავლის პირით მოყოლილი ისტორიაა, რომელიც მკითხველის თვალწინ, თანდათანობით ააშკარავებს არამარტო მოწმე-ეჭვმიტანილი მოსწავლეების, არამედ თავად გარდაცვლილის დაფარულ საიდუმლოებებს და საიმონის მკვლელობის საქმე მკითხველის თვალწინ თანდათანობით იხსნება.

სიახლეებით თარგმნილ პროზას არც ქართული ჩამოუვარდება. გაეცანით ქართველი ავტორების სიახლეებს წიგნის ფესტივალზე:


11. ბესო სოლომანაშვილი - ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ბესო სოლომანაშვილის პირველ რომანში მბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა შეხვდებით ყველაფერს, რაც თან სდევს ისტორიულ ქარტეხილებსა და რევოლუციებს. ჩვეულებრივი ბიჭისა და "უცნაური" გოგოს სიყვარულის ისტორია 1921 წელს რუსი ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის ფონზე ვითარდება. ამ რომანით გაიგებთ, თუ როგორია სამშობლოს ღალატის ანატომია, როგორ იქცეოდნენ ადამიანები ჯალათებად და, ამასთანავე, გაეცნობით რეალური ისტორიული ფაქტების უკან ჩამალულ ადამიანურ ვნებებსაც.

ნამდვილი ისტორიული ამბები და ავტორის ალუზიები აქ ისეა ურთიერთგადახლართული და ისე ჩაგითრევთ, რომ ამბის გმირების გვერდითაც აღმოჩნდებით და აღმოაჩენთ, რომ წინა საუკუნის საქართველოს ტრაგედიამ, რომელიც დღემდე მოგვდევს, თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე იმოქმედა.

12. მიშა ბახსოლიანი — კანიბალიადა

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

მიშა ბახსოლიანის რომანი კანიბალიადა მე-20 საუკუნის მიწურულის საქართველოს ალუზიური ისტორიაა. აქ ვერ ნახავთ საგმირო ისტორიებს, აქ ყველაფერი ცუდი ერთადაა თავმოყრილი. ყველაფერი, რაზეც თვალს ვხუჭავთ და არ ვიმჩნევთ.

მიუხედავად იმისა, რომ რომანის მოქმედება 90-იან წლებში, სამოქალაქო ომის დროს იწყება, ეს წიგნი არ არის ომზე. აქ ვერ ნახავთ საბრძოლო შეტაკებების, პოზიციური ბრძოლებისა და სანგარში ჩამარხული ჯარისკაცების ისტორიებს. ეს წიგნი ავტორის ბავშვობაზეა, როდესაც ყველაფერი ომით მართლდებოდა. უშუქობა, გაჭირვება და "სუხარზე" გადასმული მარგარინი "ონა" — ყოველივე ამას წიგნის ნებისმიერ გვერდზე შეხვდებით.

ეს წიგნი არც კულინარიაზეა, თუმცა აქ ჭამენ ყველაფერს, ჭამენ გემრიელად და ჭამენ სინდისის ქენჯნის გარეშე. მიუხედავად იმისა რომ წიგნში ყველა ყველას ჭამს, საკუთარი თავის ამოცნობა ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია.

13. ზაირა არსენიშვილი - ვა, სოფელო...

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

მწერლისა და სცენარისტის ზაირა არსენიშვილის რომანი ვა, სოფელო... ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია. რომანი პირველად 2003 წელს გამოიცა და, კრიტიკოსების აზრით, ავტორი დამსახურებულად ითვლება ქართული ფემინისტური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო წარმომადგენლად.
რომანი, რომელშიც მოქმედება თელავში, მე-20 საუკუნის 20-50-იან წლებში ვითარდება, პატარა ქალაქში მცხოვრები სამი ქალის თავგადასავლის მაგალითზე იმდროინდელი საქართველოს ისტორიას მოგვითხრობს. მკითხველი რომანში გაეცნობა თელაველებისა და, ზოგადად, ქართველი ხალხის ყოფას, ქალაქის კულტურულ ცხოვრებას, გლობალურ პოლიტიკურ ძვრებსა თუ 20-30-იანი წლების ტერორს. ენობრივი სიმდიდრე, ზომიერად მხატვრული სტილი, სოციალური ჟღერადობა და დაუვიწყარი პერსონაჟები წიგნს განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს ქართულ ლიტერატურაში.

14. ბესო ხვედელიძე - განჯადოება

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ბესო ხვედელიძე თავის ახალ წიგნში ჩვეული სილაღითა და თვითირონიით გვიამბობს მთავარი გმირის სასწაულებრივი განჯადოების ამბავს, რომელიც მხოლოდ ისეთ ჯადოსნურ ადგილზე შეიძლებოდა მომხდარიყო, როგორიც ნეპალია.

კატმანდუს ტრიბჰუვანის აეროპორტში ახლად ჩასული ალექსი ბავშვობისდროინდელი ძველი სახლის სუნს გრძნობს და ძალაგამოცლილი სხეული იმედით ევსება – სწორედ აქ უნდა დაიწყოს მისი ფერფლიდან აღდგენა, მისი გათავისუფლება იმ საშინელი წნეხისგან, რომლადაც მას უიღბლო სიყვარული და ნაცრისფერი თბილისი ექცა. მისთვის ნეპალი ის განსაწმენდელია, სადაც ცოდვილებს მაღალი მთები და ბუნების ნამდვილი შვილები ელიან, რათა გულში ჩაიკრან და საკუთარ თავში ჩაახედონ.

15. კახა თოლორდავა - გაუზავებლად

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

კახა თოლორდავას წიგნი გაუზავებლად მასტერკლასების ერთგვარი კრებულია, რომელიც ისეა ჩაფიქრებული, რომ მისი წაკითხვა ნებისმიერი გვერდიდანაა შესაძლებელი და რომელსაც ერთდროულად 31 ავტორი ჰყავს – 31 გენიალური, ღრმად მოაზროვნე ჰუმანისტი თავისი განსაკუთრებული ხედვითა და დამოკიდებულებით არა მხოლოდ მუსიკისადმი, არამედ ზოგადად ხელოვნების, შემოქმედებისა და ცხოვრებისადმი.

თბილისის წიგნის დღეები, ტრადიციულად, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. მსურველებს გამოფენაზე დასწრება 11:00-დან 19:00 სთ-მდე შეეძლებათ. წიგნების გამოფენაზე დასწრების ფასი 2 ლარია, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის კი ის უფასოა.