ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშის თანახმად, 20-21 ივნისის ღამეს რეზინის ტყვიებს ისროდნენ იმ პირების მიმართ, რომელთა მხრიდანაც საფრთხე არ მომდინარეობდა.

მათივე ცნობით, დასტურდება, რომ 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ცალკეულ შემთხვევებში რეზინის ტყვიებს არაპროპორციულად, ახლო მანძილიდან და სასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით ისროდნენ.

20-21 ივნისის ღამეს On.ge-ს პირდაპირ ეთერში ჩანს, რომ აქციის მონაწილე თეა მესხიშვილი პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან დგას და პოლიციის მიმართ ძალადობრივ მოქმედებას არ ახორციელებს, სპეცრაზმელი ორ მეტრზე ნაკლები მანძილიდან ესვრის რეზინის ტყვიას ფეხების მიმართულებით.

თეა მესხიშვილის განმარტებით, სამედიცინო ჩარევის შემდეგ, ფეხიდან ამოუღეს დიდი ზომის საფანტის 9 ტყვია. სროლის შედეგად მას დაუზიანდა ბარძაყის მყესები და ნერვები.[ვიდეო 30-ე წუთიდან]

ფოტო: ფოტო ვიდეოდან / On.ge-ის პირდაპირი ეთერი

შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის ბრძანებაში წერია, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს ეკრძალება არალეტალური იარაღისა და არალეტალური ჭურვის გამოყენება ოცი მეტრის დისტანციაზე ახლოს მყოფი პირის წინააღმდეგ.

ანგარიშში მოყვანილია Amnesty International-ის სახელმძღვანელო წესები, რომლის თანახმად, რეზინის ტყვიების განსაზღვრული გარემოებებისა ან განსაზღვრული გზით გამოყენებამ, შეიძლება, გამოიწვიოს სიკვდილი. ამავე სახელმძღვანელოში წერია, რომ, როდესაც რეზინგადაკრული მეტალის ტყვია ქმნის სასიკვდილო საფრთხეს, მაშინ მათ გამოყენებაზე იგივე შეზღუდვები მოქმედებს, რაც ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებით.

სამოქალაქო თავისუფლების ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის ინფორმაციით, კინეტიკური ზემოქმედების ჭურვის (რეზინის ტყვია, პლასტმასის ტყვია) არასწორმა გამოყენებამ, შეიძლება, გამოიწვიოს სიკვდილი, შესაძლებლობის სამუდამო შეზღუდვა, სიბრმავე. ამავე ორგანიზაციის თქმით, ამგვარ შედეგს იწვევს კინეტიკური ზემოქმედების მქონე ჭურვის სროლა თავის, ყელის, ტანის ზედა ნაწილის არეში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ 20-21 ივნისის ღამეს გამოიყენა სამი სახის რეზინის ტყვია: 12-კალიბრიანი რეზინის ვაზნა — ერთიანი ტყვია და საფანტი და 38 მმ რეზინის ვაზნა (საფანტი); საიას ცნობით, 12-კალიბრიანი რეზინის ვაზნის მოძიების შედეგად ირკვევა, რომ ის არის ნარინჯისფერი და აქვს რაკეტის ფორმა. ტყვიის ამ სახეობის მწარმო- ებლის ინსტრუქციაში მითითებულია, რომ იგი ლეტალურია 10 მეტრზე ნაკლებ მანძილზე სროლისას.

ანგარიშში წერია, რომ 20 მეტრზე ნაკლები დისტანციით რეზინის ტყვიის გასროლის ფაქტი შსს-ს წარმომადგენელმაც არ გამორიცხა. მისი განმარტებით, 20-მეტრიანი დისტანციის დარღვევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიციელების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება:

"იქ უკვე ისეთი საკითხები, როგორიცაა წინასწარ გაფრთხილება და დისტანციის დაცვა, მეორე პლანზე იყო, იმიტომ, რომ დღის წესრიგში იდგა პოლიციელების სიცოცხლის დაცვა".

20 ივნისს რამდენიმე ათეულმა ათასმა ადამიანმა თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლა და საქართველოს პარლამენტის შენობაში, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომა გააპროტესტა. აქცია სპეცრაზმმა გაფრთხილების გარეშე გვიან ღამით ძალის გადამეტებით დაშალა. ამ დროს დაშავდა ათეულობით მოქალაქე, მათ შორის ორმა დაკარგა თვალი.