საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI) ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახის კომპანია მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს. ორგანიზაციის განცხადებით, ეს არის შპს აჭარაგანათება, რომელიც ბათუმის საკრებულოს ფრაქციის ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს წევრის, ირაკლი თოფურიძის ოჯახის კუთვნილი კომპანიაა.

ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

TI-ს ინფორმაციით, კომპანიამ მორიგი ტენდერი მოიგო საშობაო-საახალწლო განათებებზე, რადგან ის კონკრეტულად მათზე იყო მორგებული. კერძოდ, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბათუმის მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მოითხოვა, რომ პრედენდენტს 2016-2019 წლებში 1,5 მილიონი ლარის გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლუატაციისა და მონტაჟის სამუშაოები ჰქონოდა შესრულებული, რასაც აჭარაში მხოლოდ ეს კომპანია აკმაყოფილებდა.

კვლევის მიხედვით, 2011 წლის თებერვლიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით კომპანიამ 94 ტენდერიდან და 22 გამარტივებული შესყიდვიდან მთლიანობაში 26 523 383 ლარი მიიღო. მათივე თქმით, ამ თანხის 82% უკონკურენტო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებზე მოდის.

ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

TI-ს განცხადებით, 2016-2017 წლების ანგარიშებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა, რომ მერია ტენდერებს აჭარაგანათებას არგებდა. გარდა ამისა, აუდიტი აცხადებდა, რომ კომპანიას ტენდერით გათვალისწინებული მომსახურება არცერთ თვეში სრულყოფილად არ მიუწოდებია, თუმცა ხელშეკრულება არ შეწყვეტილა და კომპანიას ჯარიმა არ დაკისრებია.

არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებით, მერიამ უნდა ისარგებლოს აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებით, პროკურატურამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტომ კი მოკვლევა უნდა დაიწყოს სატენდერო პირობების კონკრეტულ კომპანიაზე მორგების სავარაუდო ფაქტების გამოვლენასთან დაკავშირებით.