27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.

მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა. ის აერთიანებს ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ან მათ მუდმივ დიპლომატიურ წარმომადგენლებს სტრასბურგში. მინისტრთა კომიტეტი ერთდროულად სამთავრობო ორგანოც არის, სადაც, თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით, განიხილება წევრ სახელმწიფოთა ინდივიდუალური დამოკიდებულება ევროპული საზოგადოების წინაშე მდგომი პრობლემებისადმი და ფორუმიც, სადაც ხდება საერთოევროპული მიდგომების ჩამოყალიბება მათთან მიმართებაში.

საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან გადმოიბარებს. საქართველოს გადაცემა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლური გასაღები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, როგორც ევროპის საბჭოს მომავალ თავმჯდომარეს სიმბოლურ გასაღებს საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი, ამელი დე მონშალენი გადასცემს.

თავმჯდომარეობის გადაცემის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს და საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს გააცნობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს განსაზღვრული აქვს ოთხი პრიორიტეტი:

  1. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა;
  2. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  3. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება — აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება;
  4. დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალურ ცერემონიამდე, 27 ნოემბერს ევროპის საბჭოს სასამართლო შენობიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები, სპეციალური ტრამვაით იმგზავრებენ, რომელიც ქართული ანბანით და საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი არის მორთული. ტრამვაი სტრასბურგში 6 თვის განმალობაში იმოძრავებს.

ცერემონიის ფარგლებში გაიჭრება სიმბოლური ლენტი და შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი. რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის დროშის აღმართვის ცერემონია. მასში მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, სტრასბურგის მერი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი და ევროპის საბჭოში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლი მიიღებენ.

საქართველოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად სტრასბურგში 3 დეკემბერს გაიმართება საქართველოს ნაციონალური ბალეტის — სუხიშვილების კონცერტი.

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ასევე ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში სიტყვით გამოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე.

თავმჯდომარეობის 6 თვის განმალობაში საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას.