28 ნოემბერს პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება. რუსეთის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ შეხვედრის მთავარი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იქნება.

"ეს არის არა მხოლოდ საერთაშორისო ნორმების დარღვევა, არამედ არაადამიანური საქციელი. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავათავისუფლოთ ეს ადამიანი და გარწმუნებთ, ყველაფერი კეთდება ამისათვის", — განაცხადა აბაშიძემ რუსთავი 2-თან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე, გრიგორი კარასინი პრაღაში ერთმანეთს ბოლოს 13 ივნისს შეხვდნენ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2012 წელს შეიქმნა.

9-11 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი იყო. დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულთაგან 3 პირს ფულადი ჯარიმა დააკისრეს და ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორია დაატოვებინეს, გაფრინდაშვილი კი დააპატიმრეს, რადგან მან საზღვრის კვეთა არ აღირა და ამბობდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზეა. საოკუპაციო რეჟიმმა მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.