მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ პრევენციული მიზნით წყლის ჭავლის გამოყენებას არანაირი გამართლება არ აქვს. დეპუტატი განმარტავს, რომ ამ მეთოდს პოლიციამ მხოლოდ რეალური საფრთხის დროს უნდა მიმართოს.

"წყლის ჭავლის გამოყენება ყინვაში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მეთოდი და უტოლდება სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას, აკრძალულია პრევენციის მიზნით. პრევენცია კი არა რეალური საფრთხის დროს უნდა გამოიყენო. იმ ღამეს, 20 ივნისს, როცა თვალები დათხარეს ბავშვებს, მაშინ უნდა გამოყენებულიყო წყლის ჭავლი და არა ტყვიები... გუშინ გამთენიას წყლის ჭავლის გამოყენების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა", — განაცხადა ბესელიამ ტელეკომპანია პირველში.

26 ნოემბერს, გამთენიისას პარლამენტთან შეკრებილი აქტივისტები, ისევ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. დაშავდა 3 ადამიანი, 28 კი დააკავეს. გასული 12 საათის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეებს ხელს უშლიდა და ართმევდა შეშას და რკინის კასრებს, რომლითაც მათ ღამით გათბობა სურდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ვერსიით, ეს იყო კანონის მოთხოვნების შესრულება. ამ შეზღუდვას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. მან განმარტა, რომ მსგავსი შეზღუდვა კანონიერი არაა.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე "დააბოქლომეს" პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია. ასევე, ისინი ბოქლომს ადებენ მაჟორიტარი დეპუტატების ოლქებს.

ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარზე ბოქლომი ჩამოკიდეს. გარდა ამისა, ბოქლომები დაადეს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისა და დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ბიუროს ოფისებს. "დაბოქლომებულია" ასევე მთავრობის კანცელარია, პროკურატურა და პრეზიდენტის რეზიდენცია.