ტესლას ახალი პიკაპის წარდგენას უსიამოვნო სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლია. განსაკუთრებით შოკისმომგვრელი კი იმ მინების მსხვრევა იყო, რომელთა გამძლეობასაც ილონ მასკმა სპეციალურად გაუსვა ხაზი. მასკის გეგმებში შოუს ეს ნაწილი ნამდვილად არ შედიოდა, რასაც მის სახეზეც ამოიკითხავდით.

მომხდარის მიზეზები ილონ მასკმა Twitter-ის საშუალებით განმარტა. მისი თქმით, საჯაროდ ბურთის სროლამდე მანქანის შუშების გამძლეობა რამდენჯერმე გამოსცადეს, თუმცა ამ შემთხვევაში განსხვავება ის იყო, რომ მანამდე პიკაპის კარის გამძლეობა დიდი უროს დარტყმით შეამოწმეს, რასაც შეიძლება შუშა გაებზარა, დაზიანებული ზედაპირი კი მეტალის ბურთმა უფრო ადვილად დაამსხვრია.

აი, დასტურიც:

თუმცა, ამ ინციდენტს მთელი პრეზენტაცია ნამდვილად არ ჩაუშლია. Cybertruck-ის შთამბეჭდავი დიზაინი და მონაცემები მთელმა ინტერნეტმა გაარჩია. მასკმა ასევე განაცხადა, რომ განიხილავს მანქანის სახურავზე მზის ელემენტების დამაგრებას, რომელიც მანქანას მოძრაობის პროცესშივე მოამარაგებს ენერგიით. დიზაინის კუთხით სიახლე ხაოიანი ზედაპირი იქნება, გარდა ამისა, ტესლას დირექტორი უფრო მომცრო მოდელებზეც ფიქრობს.

ვნახოთ, რამდენი რამ ასრულდება ამ დაპირებებიდან, თუმცა იმას ვერავინ უარყოფს, რომ Cybertruck-მა დიდი დაინტერესება გამოიწვია. კომპანიამ მოდელის გამოშვებამდე ყოველგვარი რეკლამისა თუ მარკეტინგული კამპანიის გარეშე 200 000 შეკვეთა მიიღო. ალბათ, ასეთ სიტუაციაში თქვენც არ იდარდებდით ჩამსხვრეულ შუშებზე და წამიერ უხერხულობაზე.