დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ლევან კობერიძემ, გედევან ფოფხაძემ და კობა ნარჩემაშვილმა სხდომა პოლიტიკური განცხადებების შემდეგ დატოვეს. მათ თქვეს, რომ აღარ სურთ დღის წესრიგის დარჩენილი ნაწილის მოსმენა, “თუ როგორ გაინაწილებენ თანამდებობას უმრავლესობაში”.

სხდომაზე მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები დარჩნენ. დამოუკიდებელი დეპუტატები ამბობენ, რომ ეს არაა ბოიკოტი არამედ ამ სხდომაზე დასწრება აღარ სურთ.

პარლამენტთან მისასვლელი ყველა გზა ჩაკეტილია. შენობის სამივე შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია. ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, სადაც პარლამენტის გვერდითა შესასვლელებია გზა ყვითელი ავტობუსებითაა ჩახერგილი.

დღეს, 26 ნოემბერს, გამთენიისას პარლამენტთან შეკრებილი აქტივისტები, ისევ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. გასული 12 საათის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეებს ხელს უშლიდა და ართმევდა შეშას და რკინის კასრებს, რომლითაც მათ ღამით გათბობა სურდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ვერსიით, ეს იყო კანონის მოთხოვნების შესრულება. ამ შეზღუდვას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. მან განმარტა, რომ მსგავსი შეზღუდვა კანონიერი არაა.

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებულების რაოდენობა უცნობია. On.ge ამ მონაცემების გადამოწმებას უშედეგოდ ცდილობს. იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცავებმა პარლამენტის ორი დეპუტატი წაიყვანეს, შსს-ს ვერსიით, ეს დაკავება არ იყო. ახლა გიგა ბოკერიაც და თენგიზ გუნავაც თავისუფალია.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე "დააბოქლომეს" პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია. ასევე, ისინი ბოქლომს ადებენ მაჟორიტარი დეპუტატების ოლქებს.

ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარზე ბოქლომი ჩამოკიდეს. გარდა ამისა, ბოქლომები დაადეს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისა და დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ბიუროს ოფისებს. "დაბოქლომებულია" ასევე მთავრობის კანცელარია, პროკურატურა და პრეზიდენტის რეზიდენცია.