26 ნოემბრის დილას ალბანეთში მომხდარ 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მინიმუმ ექვსი მოქალაქე ემსხვერპლა, კატასტროფის შედეგად დაშავდა 325 ადამიანი. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ამერიკის გეოლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციით, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის სიღრმე 20 კილომეტრი იყო. მის ეპიცენტრად ქალაქი დურესი დაფიქსირდა, რომელიც დედაქალაქ ტირანადან 33 კილომეტრში მდებარეობს. მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა შენობები.

პოლიციის განცხადებით, ერთი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი აივნიდან გადმოხტომა იყო. სამი ადამიანი კი მიწისძვრას ალბანეთის დასავლეთით მდებარე სოფელ ტუმეინში ემსხვერპლა. უცნობია რა ვითარებაში დაიღუპა ორი მსხვერპლი.

ამ დროისთვის ალბანეთის სამ ქალაქში, ტირანაში, დურესში და ლეჟაში სკოლები დახურულია.