პარლამენტის დეპუტატი, ეკა ბესელია ამბობს, რომ დღევანდელ პლენარულ სხდომას არ დაესწრება. მისივე თქმით, ის პარლამენტის გარეთ იდგება. პლენარული სხდომა 12 საათზე უნდა დაიწყოს.

"მე მგონია, რომ ეს სხდომა, რომელიც თანამდებობების განაწილებისთვის არის მოწყობილი და არა იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზა მოძებნოს უმრავლესობამ და მმართველმა პარტიამ, უბრალოდ არის ცინიზმი. არ მინდა, ასეთი ცინიკური და შეურაცხმყოფელი სხდომის მონაწილე ვიყო", — განაცხადა ეკა ბესელიამ TV პირველის ეთერში.

ეკა ბესელიას თქმით, 26 ნოემბერს გამთენიისას აქციის დაშლა არაპროპორციული ძალით მოხდა, რადგან მოქალაქეები მშვიდობიან აქციას ატარებდნენ.

ამჟამად პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩა გადაკეტილი პოლიციის მიერ. გზა ყვითელი ავტობუსითაა ჩახერგილი. საკანონმდებლო ორგანოში არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებს არ უშვებენ.

გასული 12 საათის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეებს ხელს უშლიდა და ართმევდა შეშას და რკინის კასრებს, რომლითაც მათ ღამით გათბობა სურდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ვერსიით, ეს იყო კანონის მოთხოვნების შესრულება. ამ შეზღუდვას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. მან განმარტა, რომ მსგავსი შეზღუდვა კანონიერი არაა.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე "დააბოქლომეს" პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია. ასევე, ისინი ბოქლომს ადებენ მაჟორიტარი დეპუტატების ოლქებს.

ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარზე ბოქლომი ჩამოკიდეს. გარდა ამისა, ბოქლომები დაადეს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისა და დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ბიუროს ოფისებს. "დაბოქლომებულია" ასევე მთავრობის კაცელარია, პროკურატურა და პრეზიდენტის რეზიდენცია.