პარლამენტის პიკეტირების მოხსნისა და ქართული ოცნების დეპუტატებისთვის პარლამენტის შესასვლელების გახსნის შემდეგ თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა რუსთაველის გამზირის დალაგება დაიწყო. ასე მოიქცა მერია რამდენიმე დღის წინაც, როცა აქცია სპეცრაზმმა კიდევ ერთხელ დაშალა.

დღეს, დაახლოებით ერთი საათის წინ სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელები პიკეტირებისგან გაათავისუფლა. ახლა ქართული ოცნების დეპუტატებს პარლამენტში შესვლა შეუძლიათ. როგორც ცნობილია, მათ გარდა, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე დასწრებას არავინ გეგმავს.

გასული 12 საათის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეებს ხელს უშლიდა და ართმევდა შეშას და რკინის კასრებს, რომლითაც მათ ღამით გათბობა სურდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ვერსიით, ეს იყო კანონის მოთხოვნების შესრულება. ამ შეზღუდვას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. მან განმარტა, რომ მსგავსი შეზღუდვა კანონიერი არაა.

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებულების რაოდენობა უცნობია. On.ge ამ მონაცემების გადამოწმებას უშედეგოდ ცდილობს. იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცავებმა პარლამენტის ორი დეპუტატი წაიყვანეს, შსს-ს ვერსიით, ეს დაკავება არ იყო. ახლა გიგა ბოკერიაც და თენგიზ გუნავაც თავისუფალია.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე "დააბოქლომეს" პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია. ასევე, ისინი ბოქლომს ადებენ მაჟორიტარი დეპუტატების ოლქებს.

ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარზე ბოქლომი ჩამოკიდეს. გარდა ამისა, ბოქლომები დაადეს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისა და დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ბიუროს ოფისებს. "დაბოქლომებულია" ასევე მთავრობის კაცელარია, პროკურატურა და პრეზიდენტის რეზიდენცია.