საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განმარტებით, პოლიცია უკანონო შეზღუდვას აწესებს, როცა რუსთაველზე შეკრებილებს შეშისა და კასრების მიტანის საშუალებას არ აძლევს.

"შეშის თუ სხვა რაიმე ნივთის შეკრება-მანიფესტაციაზე მიტანა მხოლოდ მაშინ შეიძლება შეიზღუდოს პოლიციის მხრიდან, თუ მათ აქვთ დასაბუთებული და გონივრული ვარაუდი, რომ არსებობს რეალური და მყისიერი საფრთხე, რომ შეშის და კასრების გამოყენება მოხდება სხვისი ჯანმრთელობის ზიანის მიყენების მიზნით", — განმარტავს სახალხო დამცველი.

მისი თქმით, ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ კიდევ 2014 წელს იმსჯელა და დაადგინა, რომ უნდა აიკრძალოს არა კონკრეტული ნივთების ან ნივთიერებების გამოყენება, არამედ უნდა შეიზღუდოს შემთხვევა, როცა ადამიანების დაზიანების საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება.

ბოლო რამდენიმე საათი პოლიცია აქციის მონაწილეებს, მათ შორის პარლამენტის დეპუტატებს უკრძალავს და ართმევს შეშას, რომელიც მათ რუსთაველზე აქციის მონაწილეთა გასათბობად მიაქვთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ეს პოლიციელების მხრიდან კანონიერი ქმედებაა.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე "დააბოქლომეს" პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია. ასევე, ისინი ბოქლომს ადებენ მაჟორიტარი დეპუტატების ოლქებს.

ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარზე ბოქლომი ჩამოკიდეს. გარდა ამისა, ბოქლომები დაადეს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისა და დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ბიუროს ოფისებს. "დაბოქლომებულია" ასევე მთავრობის კაცელარია, პროკურატურა და პრეზიდენტის რეზიდენცია.