იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ მისი ყოფილი კოლეგა, თამარ ჩუგოშვილი, რომელმაც უმრავლესობა დატოვა, პოლიტიკაში არაკომპეტენტურია. თეა წულუკიანმა ყოფილი თანაგუნდელი ასე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შეაფასა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ჩუგოშვილს კომპეტენტურად, თეა წულუკიანი ასე პასუხობს:

"გააჩნია, რაში. პოლიტიკაში მე მას კომპეტენტურად არ მივიჩნევ, რადგან პირველივე სირთულის მერე თქვა, რომ მივდივარ... სად მიდიხარ, რამ გაგანაწყენა?.. ინგლისური იცის კარგად, კომპეტენტურია ნამდვილად".

მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შეასრულა ქართული ოცნება 12-მა დეპუტატმა დატოვა. მათ შორის იყო თამარ ჩუგოშვილიც, რომელსაც პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა ჰქონდა.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე "დააბოქლომეს" პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია. ასევე, ისინი ბოქლომს ადებენ მაჟორიტარი დეპუტატების ოლქებს.

ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარზე ბოქლომი ჩამოკიდეს. გარდა ამისა, ბოქლომები დაადეს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისა და დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ბიუროს ოფისებს. "დაბოქლომებულია" ასევე მთავრობის კაცელარია, პროკურატურა და პრეზიდენტის რეზიდენცია.