შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიციელების ქმედება კანონიერია, როცა ისინი აქციის მონაწილეებს შეშასა და კასრებს ართმევენ. On.ge უწყებიდან ამ პასუხის მიღებას დაახლოებით საათნახევარი ცდილობდა.

პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციაში დაკონკრეტებული არაა, რომელი მუხლები აძლევს პოლიციელს უფლებას დეპუტატებსა და აქციის მონაწილეებს შეშისა და კასრების გადატანა შეუზღუდოს.

კიდევ ერთი ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა. პარლამენტის დეპუტატებს, ირმა ნადირაძესა და გიორგი კანდელაკს პოლიციის რამდენიმე თანამშრომელმა არ მისცა შეშის რამდენიმე ნაწილის პარლამენტამდე მიტანის უფლება. მათ პოლიციელებმა გზა გადაუკეტეს და არც დეპუტატის თხოვნა დააკმაყოფილეს ეთქვათ მათთვის სახელი და გვარი.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე "დააბოქლომეს" პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია. ასევე, ისინი ბოქლომს ადებენ მაჟორიტარი დეპუტატების ოლქებს.

ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარზე ბოქლომი ჩამოკიდეს. გარდა ამისა, ბოქლომები დაადეს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისა და დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ბიუროს ოფისებს. "დაბოქლომებულია" ასევე მთავრობის კაცელარია, პროკურატურა და პრეზიდენტის რეზიდენცია.