პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე კარავი გაიშალა, თუმცა პოლიცია კასრების მიტანის უფლებას არ აძლევთ. მათი ნაწილი პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს ჩამოართვეს.

"ესენი არიან ქურდები... პოლიცია ხართ ყაჩაღები... სირცხვილია", — ამ სიტყვებით მიმართავენ აქციის მონაწილეები იმ სამართალდამცავებს, რომლებიც მათ კასრების გადატანის საშუალებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან მიიტანეს ე.წ. პუფები.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე "დააბოქლომეს" პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია. ასევე, ისინი ბოქლომს ადებენ მაჟორიტარი დეპუტატების ოლქებს.

ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარზე ბოქლომი ჩამოკიდეს. გარდა ამისა, ბოქლომები დაადეს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისა და დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ბიუროს ოფისებს. "დაბოქლომებულია" ასევე მთავრობის კაცელარია, პროკურატურა და პრეზიდენტის რეზიდენცია.