ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის გიორგი კანდელაკის თქმით, მთავრობამ და ცესკომ ყველაფერი გააკეთეს, რათა 5%-იანი ბარიერი გადაელახა პატრიოტთა ალიანსს.

დეპუტატი ირმა ინაშვილის პარტიას "ღიად პრორუსულ ძალად აფასებს. მისი თქმით, მთავრობის მცდელობის შედეგად 8 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხის ნება ადექვატურად არ ასახულა:

"ცხადია ჩვენ პატივს ვცემთ ყველა მოქალაქის არჩევანს, მათ შორის მათ არჩევანსაც ვინც მხარი ამ კონკრეტულ ძალას [პატრიოტთა ალიანსს] დაუჭირა. თუმცა თავად ცესკოს თავდაპირველი შედეგებით, აღნიშნულ ძალას ქონდა მხოლოდ 4,97% და ვერ ლახავდა ბარიერს. მთავრობის დავალებით, ცესკომ გააუქმა სწორედ ის უბნები სადაც ამ პარტიას ქონდა ხმების ძალიან ცოტა რაოდენობა ან საერთოდ ვერ მიიღო ვერ ერთი ხმა".

გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ცესკომ მანიპულაციურად იმოქმედა და ხელოვნურად გამოაკლო ხმების საერთო რაოდენობას 3 311 ხმა, რითაც შეამცირა პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ხმების რაოდენობა ისე რომ თავად ამ ძალის მიერ მიღებული ხმები თითქმის იგივე დარჩა:

"მაგალითად - ცესკომ გააუქმა განმუხურის უბანი სადაც ხმის დათვლის დროს თავმჯდომარე გაიქცა, მაგრამ თვლა მაინც დასრულდა ექსცესების გარეშე და ოქმიც ხელმოწერილ იქნა. ამავე დროს ბათუმის უბანი ნომრით 70.79.31, რომლის ოქმზე არ იყო საერთოდ არც ერთი ხელმოწერა, ცესკომ და სასამართლომ მაინც ძალაში დატოვა.

დმანისში და მარნეულის 34-ე უბნებზე, სადაც პატრიოტთა ალიანს ასევე ნოლი ან ხუთი ხმა ჰქონდა, ცესკომ შედეგების გაუქმების საბაბად ტექნიკური შეცდომა გამოიყენა, მაშინ, როცა კანონი ამგვარი შეცდომის შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად სანქციად მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს და არა შედეგების გაუქმებას".

კანდელაკის თქმით, არსებობდა ე.წ. მწვანე უბნები, სადაც მისი განმარტებით, პირდაპირ იწერებოდა ოქმები:

"ამგვარი უბნების არსებობის სიმპტომია, როცა ერთმანეთის გვერდით მდებარე ორ უბანში ერთგან ხდება ადექვატური შედეგის დაფიქსირება - მეორეგან კი ოპოზიცია იღებს ნულ ხმას, ან ხმების ძალიან მცირე რაოდენობას.

მაგალითად, მესტიის 47-ე ოლქში მე6 და მე 19 უბნებზე ენმ-მ მიიღო 0 ხმა. მე-7 და მე-20 უბნებში, რომლებიც ამ ორი უბნის გვერდითაა განლაგებული გვაქვს 35% და 32% შესაბამისად. ამგვარი ფენომენის ახსნა მათემატიკურად შეუძლებელია".

ენმ-ს წევრის თქმით, 8 საათზე მთელს მესტიაში გამოირთო ელექტროენერგია, ისე, რომ ენერგო პროს ოფიციალურ პირებს გათიშული ქონდთ ტელეფონები. მიდი თქმით, ეს ფაქტი საკმარისია ამ პირების დასაკითხად და გამოძიების დასაწყებად, რაც არ მომხდარა:

"ამ ოლქის - მესტია, ლენტეხი, ამბროლაური, ონი და ცაგერი ყველგან გვქონდა მაღალი პროცენტი გარდა ლენტეხისა, სადაც დაგვიწერეს 7% რამაც საშუალება მისცა ხელისუფლების კანდიდატს პირველივე ტურში გასულიყო" - განაცხადა კანდელაკმა.