ქართული ოცნებიდან წასულიდ ეპუტატი ეკა ბესელია "ნასუფრალს" უწოდებს იმ საპარლამენტო თანამდებობებს, რომლებზეც დღეს უმრავლესობის დეპუტატები წარადგინეს. მისი თქმით, "ღიად გაშიფრული თვითლუსტრაცია მოხდა".

"ისეთი უნიჭო სცენარი იყო, ძალიან მალე საკუთარი თავი თავად გაამჟღავნეს. წარმოუდგენელი რამაა, საკუთარ უმრავლესობაში და პარტიაში პარტიის თავმჯდომარეს დაუპირისპირდეს დეპუტატი და შემდეგ ის დააწინაურონ... სწორედ ის ადამიანები დაასაჩუქრეს ამ ნასუფრალის შემდეგ, რაც დარჩა, ვინც ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარების სიაში იყო", — თქვა ეკა ბესელიამ.

ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩამგდები სამი დეპუტატი დააწინაურა. ხუთ კომიტეტში სამი სწორედ ამ კანონპროექტის ჩამგდები დეპუტატია.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თანამდებობაზე წარადგინეს გურამ მაჭარაშვილი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა პროპორციულ სისტემას. ევროინტეგრაციის კომიტეტში წარადგინეს დავით სონღულაშვილი, რომელიც, ასევე, მაჟორიტარული სისტემის მომხრეა და მისივე თანამოაზრე, ნინო წილოსანი გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხდება.

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების ე.წ. აჯანყებულმა დეპუტატებმა ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საერთო პროტესტი დაიწყო. დაპირისპირებული ოპოზიციური ჯგუფები ერთი მოთხოვნის ირგვლივ გააერთიადნენ — ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემითა და ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარება.