პარტია სამართლიანობისთვის ლიდერის ეკა ბესელიას თქმით, ქართული ოცნების განცხადება, რომ "თემა დახურულია" და 2020 წლის არჩევნებზე შერეული სისტემა შენარჩუნდება, საკუთარი ხალხის "ღია დუელში" გამოწვევაა.

"ეს განცხადება არის საზოგადოების გამოწვევა... ძალიან აბუჩად ამგდები, იმიტომ, რომ ეუბნები შენს ხალხს, რომ არ გაინტერესებს ეს განწყობა, ეს პროტესტი, რომელსაც უერთდება აბსოლუტურად ყველა ქართული ოცნების გარდა", — თქვა ეკა ბესელიამ მთავარ არხთან საუბრისას.

ეკა ბესელიას თქმით, ქართული ოცნების გარდა ყველა უარყოფითად, კრიტიკულად და საპროტესტოდაა განწყობილი იმ "ცინიკური გადაწყვეტილების" გამო, რაც ხელისუფლებამ მიიღო.

დღეს, 25 ნოემბერს უმრავლესობის სხდომის შემდეგ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ "თემა დახურულია" და 2020 წელს არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. ამასთანავე კალაძემ აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნებში არ ეყოლებათ მაჟორიტარი კანდიდატი იქ, სადაც "ნაციონალური მოძრაობის ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა" სხვა ოპოზიციური პარტიებს ან დამოუკიდებელ კანდიდატებს ექნებათ "გამარჯვების რეალური შანსი".

და ბოლოს, კახა კალაძის ნათქვამიდან ირკვევა, რომ შესაძლოა 2024 წლის არჩევნებიც არ ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთ-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარალამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების დღეს დადგება. თუმცა, კალაძეს არ დაუკონკრეტებია უშუალოდ რა საკითხი დადგება სახალხო კენჭისყრაზე.