იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი სხდომაზე რუპორით მივიდა. როგორც ის ფეისბუქზე წერს ამას ორი მიზეზი აქვს:

"პირველი: საბჭოს წევრთა უმრავლესობა, რამდენიმე არამოსამართლე წევრის ჩათვლით არის ჩინჩალაძის რუპორი. ჩინჩალაძის რუპორია პარლამენტის მიერ არჩეული წევრი გზირიშვილიც, რომელიც თავის მდგომარეობას იყენებს და საკუთარი ხმით "ვაჭრობს", რადგან საკუთარ შვილს მოსამართლეობისკენ გზა გაუკვალოს. ჯერ ისეთი მოსამართლე ვის რად უნდა, მამა რომ ეხმარება კარიერის აწყობაში.

მეორე: სხდომის მიმდინარეობისას მიკროფონის ჩართვა გიორგი მიქაუტაძის ნებართვის გარეშე ტექნიკურად შეუძლებელი გახდა. რაღაც ახალი ტექნიკური სისტემა დანერგა პირადი გადაწყვეტილებით. შესაბამისად იძულებული გავხდი სხდომებზე ვიარო რუპორით და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენო, რათა ჩემი ხმა ისმოდეს", — წერს ნაზი ჯანეზაშვილი ფეისბუქზე.

ფოტო: ნაზი ჯანეზაშვილი / Facebook

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა დღეს, ორ საათზე დაინიშნა. როგორც ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში წერდა, მათ სხდომის ჩანიშვნის შესახებ მხოლოდ წინა დღეს, ღამის ათ საათზე გაიგეს:

"კანონის თანახმად, 7 დღით ადრე უნდა ქვეყნდებოდეს ინფორმაცია სხდომის შესახებ საბჭოს ვებგვერდზე, ამ წესს საბჭოს მდივანი, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი გიორგი მიქაუტაძე რეგულარულად არღვევს".