ცნობილი ბრიტანელი მსახიობი, საშა ბარონ კოენი, რომელმაც ძირითადად კომედიური ჟანრის ფილმებში შესრულებული როლებით გაითქვა სახელი, ნიუ-იორკში გამართულ დეზინფორმაციის საწინააღმდეგო სამიტზე გამოვიდა. მან ისეთი გიგანტი კომპანიები გააკრიტიკა, როგორებიც Facebook, Twitter, YouTube თუ Google-ია და მათ "კაცობრიობის ისტორიაში პროპაგანდის ყველაზე დიდი მანქანები" უწოდა.

"თუ თქვენ მათ გადაუხდით, ფეისბუქი თქვენს ნებისმიერ პოლიტიკურ რეკლამას გაავრცელებს, თუნდაც ის ტყუილი იყოს. მეტიც — ფეისბუქი დაგეხმარებათ, რომ კონკრეტული სამიზნე ჯგუფი შეარჩიოთ, რათა მაქსიმალური ეფექტი მოახდინოთ. ამ ლოგიკით კი, ფეისბუქი 1930-იან წლებშიც რომ ყოფილიყო, აუცილებლად მისცემდა ჰიტლერს უფლებას ოცდაათწამიანი ვიდეოები განეთავსებინა იმის შესახებ, თუ როგორ მოაგვარებდა "ებრაელების პრობლემას".

კოენმა გააკრიტიკა მარკ ცუკერბერგიც, რომელიც ფეისბუქის სარეკლამო პოლიტიკას ხშირად "გამოხატვის თავისუფლებით" ამართლებს: "ვფიქრობ, ყველანი ვთანხმდებით, რომ რელიგიურ ფანატიკოსებსა და პედოფილებს თავისუფალი პლატფორმა არ უნდა დავუთმოთ, სადაც თავიანთ შეხედულებებს გაავრცელებენ და მსხვერპლებს მარტივად დაუკავშირდებიან".

საშა ბარონ კოენმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ფეისბუქის იმ ხმაურიან გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც კომპანია არ აკრძალავდა ჰოლოკოსტის უარმყოფელ მოსაზრებებს: "ჰოლოკოსტის არსებობის დამადასტურებელი მილიონი მტკიცებულება გვაქვს — ეს ისტორიული ფაქტია. ამ ფაქტის უარყოფა კი უბრალო მოსაზრება კი არა, მიზანმიმართული პოლიტიკაა".

მსახიობის საჯაროდ სიტყვით გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის განცხადება ფეისბუქის ოფიციალურმა წარმომადგენელმაც გაავრცელა:

"საშა ბარონ კოენმა დამახინჯებულად წარმოაჩინა ჩვენი კომპანიის მუშაობის პოლიტიკა. სიძულვილის ენა ჩვენს პლატფორმაზე აკრძალულია. ჩვენ ვუზღუდავთ საქმიანობას ყველას, ვინც მხარს უჭერს ძალადობას. არავის, მათ შორის არც პოლიტიკოსებს, არ შეუძლიათ ფეისბუქზე გაავრცელონ სიძულვილისა თუ ძალადობის შემცველი რეკლამები".