"ხალხი ნელ-ნელა ხვდება, რომ იმ დამოუკიდებლობის სანაცვლოდ, რომლის მიღებაც ასე ძალიან სურდათ, საკუთარი ცხოვრების წესის შეცვლა მოუწევთ", — ამბობს ერთ-ერთი გმირი ნინო ხარატიშვილის მესამე რომანში, მერვე სიცოცხლე. სცენა 1991 წლის საქართველოში თამაშდება და საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეულ მძიმე შედეგებს ეხება. ეს სამოქალაქო ომის პერიოდია: საბჭოთა კავშირის მომხრეებსა და ქართველ ნაციონალისტებს შორის ქვეყნის მომავალ გეოპოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით დაპირისპირება გამწვავდა; სამაჩაბლოსა და აფხაზეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი აჯანყების კერები წარმოიშვა; დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი იძულებული გახდა, გაქცეულიყო. კანონმა დაკარგა უზენაესობა: სროლები დღის განმავლობაში და ღამემდე მიტანებული პურის რიგები იმ დროისათვის ჩვეულებრივ, ყოველდღიურ მოვლენებად იქცა.

როდესაც ნინო ხარატიშვილმა 90-იანი წლების თბილისის იმგვარად აღწერა დაიწყო, როგორადაც მას ის ბავშვობიდან ახსოვდა, მალევე მიხვდა, რამდენად საჭირო იყო, განეხილა ყველაფერი, რამაც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. "არ ვაპირებდი ამხელა ისტორიის დაწერას", — აღნიშნავს ხარატიშვილი, რომელიც 2003 წლიდან დღემდე გერმანიაში ცხოვრობს. მაგრამ 936-გვერდიანი რომანი, რომლის წასაკითხად ბრიტანულმა გამომცემლობამ ყველა თანამშრომელი ერთი დღით სამსახურში მისვლისგან გაათავისუფლა, ავტორის ბავშვობაზე გაცილებით უკან მიდის. რომანი გვიყვება ერთი ქართული ოჯახის ისტორიას, რომელიც დასაბამს მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იღებს. ისტორია რუსეთის რევოლუციის, მეორე მსოფლიო ომისა და პრაღის გაზაფხულის მოვლენების პარალელურად ვითარდება. მასში ვხედავთ საბჭოთა კავშირის ისეთ ატრიბუტებს, როგორებიცაა თეთრი ლადა, "დათუნია შოკოლადები" და სუნამო "წითელი მოსკოვი". მიუხედავად იმისა, რომ ამბავს 2006 წელს გერმანიაში მცხოვრები, საქართველოდან იმიგრირებული ნიცა გვიყვება, ნაწარმოები ავტობიოგრაფიული ჟანრის არ არის. ხარატიშვილი რომანს აღწერს როგორც რაღაც პირადულს, იმ რეალობის გაგრძელებას, რომელიც თავად გადახდა. რომანის სათაურში მოხსენიებული რიცხვი რვა სიმბოლურ დატვირთვას ატარებს — ის უსასრულობის ნიშანს გვაგონებს, რაც ისტორიულ მოვლენათა გარდაუვალ ციკლურობაზე მიუთითებს.

"ყველაფერი, რაც სასაცილოა, კარგავს თავის ძალას".

ავტორისთვის ეს პირველი შემთხვევაა, როცა თავის შემოქმედებაში საქართველოს ისტორიას ეხება. "ალბათ არ მინდოდა, ეს კარი გამეღო", — ამბობს ის, — "რადგან როგორღაც ვიცოდი, ერთხელ მაინც თუ გავაღებდი მას, ქარი წამიღებდა". ნინო ხარატიშვილის ნამუშევარი ლიტერატურული კონფრონტაციაა ქვეყნის საბჭოურ კავშირთან. გერმანიაში 16-წლიანი ცხოვრების განმავლობაში მწერალი ხედავდა, როგორ კოლექტიურად იკვლევდა თავის წარსულს ერი და მაშინ მიხვდა, რომ საქართველოში ეს პროცესი ჯერ დაწყებული არ იყო: "სკოლაში წლების განმავლობაში მასწავლიდნენ შუა საუკუნეებზე და დავით აღმაშენებელზე და მხოლოდ ერთი თავი ეხებოდა საბჭოთა კავშირს, რაც სრული აბსურდია".

რუსეთის სამხრეთით, თურქეთის ჩრდილოეთით, კასპიისა და შავ ზღვას შორის მდებარე საქართველო ევრაზიის ცენტრს, მის შუაგულს წარმოადგენს. შუა საუკუნეებში ხანმოკლე თავისუფლების პერიოდს თუ არ ჩავთვლით, საქართველო, ამ გამორჩეული გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, სულ ვიღაცის დაქვემდებარებაში იყო, — იქნებოდა ეს არაბეთი, სპარსეთი, ბიზანტია თუ, ბოლოს, რუსეთი. საქართველოში დაბადებულმა დიქტატორმა, იოსებ სტალინმა საბჭოთა კავშირში არ დაუშვა სენტიმენტალური პატრიოტიზმი. მისი შავბნელი აჩრდილი ჯერ კიდევ თავზე ადგას ქვეყანას. მისადმი მიძღვნილი მუზეუმი გორში დღემდე ფუნქციონირებს, მიუხედავად ამ სივრიცის დახურვის ან გადააზრების არაერთი მცდელობისა.

"არასდროს მესმოდა, როგორ შეიძლებოდა, ქართველებს სტალინით ეამაყათ", — ამბობს ხარატიშვილი. მერვე სიცოცხლეზე მუშაობის დროს წარსულის კვლევისას ერთმა ქართველმა მწერალს ასეთი რამ უთხრა: "სტალინი მართლაც დიდი პიროვნება იყო, რადგან მან ამხელა რუსეთს დაჩოქება აიძულა". ეს სიტყვები ხარატიშვილისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, მაგრამ, ამასთან, გააცნობიერა, რომ მაჩოისტური ნაციონალიზმი ქვეყანაში ჯერ ბოლომდე არ გამქრალიყო.

სტალინი და მისი ცნობილი ჯალათი, ლავრენტი ბერია, რომანში მოხსენიებულნი არიან როგორც "გენერალისიმუსი" და "პატარა დიდი კაცი". მათი ნამდვილი სახელები მხოლოდ ბოლო გვერდებზე, ხუმრობაში ჩნდება, რაც ერთობ მახვილგონივრულ მხატვრულ ეფექტს ქმნის: "ყველაფერი, რაც სასაცილოა, კარგავს თავის ძალას", — ამბობს მწერალი.

წინა პლანზე ჩანს ლავრენტი ბერია სტალინის ქალიშვილ, სვეტლანასთან ერთად, უკანა პლანზე კი - სტალინი.

ფოტო: BBC

მაშინ, როცა ზოგიერთების ნოსტალგიური დამოკიდებულება სტალინისადმი ჯერ კიდევ ურყევია, ხარატიშვილს სურს, ხაზი გაუსვას იმ ბოროტმოქმედებათა მასშტაბს, რომელიც ბელადის მმართველობისას ყოველდღიურობად იქცა. "არ შემიძლია, ვწერო ამ საუკუნეზე და არ აღვნიშნო ეს სისასტიკე", — ამბობს იგი. მწერალი ამას ტექსტში კლასიკური ნარატიული ტროპის, წყევლის შემოტანით ახერხებს. წყევლას წიგნში ცხელი შოკოლადის მოსამზადებელი საიდუმლო რეცეპტის ფორმა აქვს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ამ გზით მომზადებული სასმლის დალევა ნგრევას იწვევს. წამების, გადასახლებების, დასმენების, გამუდმებული თვალთვალისა და დახვრეტების ეპოქის მსხვერპლთათვის ალბათ უფრო მარტივი იქნებოდა, ამ საშინელებათა წყარო მითებში ეძიათ და არა - ადამიანურ ბუნებაში.

ხარატიშვილი გერმანულად წერს. ეს ენა მწერალს ემოციურ თემაზე ავტორისეული კონტროლის მოპოვების საშუალებას აძლევს. "ეს დისტანციას ქმნის და მე ამ მოვლენათა აღსაწერად დისტანცია მჭირდებოდა", — ამბობს ის. დღეისათვის მხოლოდ რამდენიმე ქართველი მწერლის (მათ შორის, აკა მორჩილაძის, ანა კორძაია-სამადაშვილის და ოთარ ჭილაძის) შემოქმედება ითარგმნება ინგლისურად. ამიტომ უჩვეულოა, რომ ქართული ლიტერატურა ინგლისურენოვანი მკითხველის ყურადღების ცენტრში გერმანულენოვანი წიგნით ექცევა. საგამომცემლო წრეებში ამ რომანს "ქართული ომი და მშვიდობის" სახელითაც კი მოიხსენიებენ.

დღევანდელ საქართველოში ევროკავშირის წევრობის სურვილი და საბჭოთა კავშირის ნოსტალგია კვლავ უპირისპირდება ერთმანეთს. ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონე, მძიმე ეკონომიკური და სოციალური პრობლემებია. ამ ყველაფრის ფონზე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი და მცოცავი ოკუპაცია ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემებად რჩება. საქართველო-რუსეთის ურთიერთობის უახლეს ისტორიას ხარატიშვილი შენელებული მოქმედების ბომბს ადარებს. ამ შედარების სიზუსტე კიდევ ერთხელ მაშინ დადასტურდა, როცა რუსი დეპუტატი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის წაყვანისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა და ამან თბილისში მასობრივი ანტირუსული პროტესტი გამოიწვია. პოლიციამ კი აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ფოტო: ABC

საქართველოს 30-წლიანი ბრძოლა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ისტორია გამუდმებით მეორდება და ქვეყანაც გამუდმებით ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზას ეძებს. ვლადიმერ ნაბოკოვმა ერთხელ დაწერა: "სპირალურ ფორმაში გახსნილი წრე კარგავს თავის მანკიერებას, ის თავისუფლდება". სწორედ ამგვარ სპირალურ სტრუქტურას შეიცავს მერვე სიცოცხლე, რომლის ბოლო, ცარიელი გვერდი დასათაურებულია როგორც "ბრილკა". ბრილკა ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრის სახელია, რომელიც წიგნის განმავლობაში მთხრობელის მსმენელიცაა. "ვიცოდი, რომ ამ წიგნს ცარიელი გვერდით დავასრულებდი", — ამბობს ხარატიშვილი, — "ეს იმის იმედს ტოვებს, რომ, ის [ბრილკა] ამ წრეს თავს დააღწევს და ბოლო გვერდს სხვაგვარად დაწერს".

ხარატიშვილს სჯერა, რომ რადგან ქართველ ახლგაზრდა თაობას უკეთ ესმის სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული მენტალიტეტი ნელ-ნელა იცვლება. მისი საკუთარი კი, მეორე მხრივ, უფრო კრისტალიზირდება: "რაც უფრო დიდხანს ვცხოვრობ გერმანიაში", — ამბობს ის, — "მით უფრო მეტად ვხდები ქართველი".