ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის ნათქვამიდან ირკვევა, რომ შესაძლოა 2024 წლის არჩევნებიც არ ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. ამის შესახებ მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობაში არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.

გუშინ და დღეს, გუნდში გამართული კონსულტაციების შედეგად, ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ გუნდი 2020 წლის არჩევნებისთვის ვერცერთ ახალ ინიციატივას ვერ განიხილავს.

თუმცა, ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ზოგად ინიციატივას და შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება", — თქვა კალაძემ.

საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს.

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების ე.წ. აჯანყებულმა დეპუტატებმა ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საერთო პროტესტი დაიწყო. დაპირისპირებული ოპოზიციური ჯგუფები ერთი მოთხოვნის ირგვლივ გააერთიადნენ — ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემითა და ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარება.

პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა. აქციის დაშლის შემდეგ დააკავეს 37 აქტივისტი, მათ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე "დააბოქლომეს" პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მმართველი პარტიის დეპუტატების ოფისები და ოლქები.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობა ბიძინა ივანიშვილმა დადო, როდესაც 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო პროტესტი დაიწყო. პროპორციული სისტემა აქცია #სირცხვილიას მთავარი მოთხოვნა იყო.