ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის დეპუტატები მივიდნენ. მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. მისივე თქმით, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა და პლებისციტის იდეა უნდა განიხილონ.

ხუნდაძემ, რომელიც ერთ-ერთია, ვინც პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩააგდო, 200 000 ხელმოწერის შეგროვება დაიწყო იმისთვის, რომ საკანონმდებლო ორგანოში სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი დაარეგისტრიროს. მისი თანაგუნდელი აკაკი ზოიძე კი თხოვს, რომ 2020 წლის არჩევნების პროპორციულად ჩატარება პლებისციტით გადაწყდეს

"მესმის ვხედავ, ვგრძნობ, მრავალი ადამიანის სამართლიან პროტესტს, გულისწყრომას და იმ იმედგაცრუებას პარლამენტის მიერ 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილების ჩაგდების გამო, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, გააღრმავებს პოლიტიკურ სპექტრში არამედ საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებას", — განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, პლებისციტის ჩატარება პრევენციული იქნება საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის გაღრმავების თავის ასაცილებლად.

მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში.