კახეთში, სოფელ ბოდბისხევში ოპოზიციური აქციის მონაწილე ამბობს, რომ სიღნაღის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატმა, ილია ბაიდოშვილმა ხელი დაარტყა. ქალს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი შიოლაშვილის საწინააღმდეგო პლაკატი ეწირა. მისივე თქმით, დეპუტატმა მას ხელიდან ბანერი გამოგლიჯა და დაუხია.

ტელეკომპანია ფორმულას მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დეპუტატი პოლიციამ გაიყვანა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, პოლიციელებს ბაიდოშვილი არ დაუკავებიათ და ის ადგილიდან განარიდეს.

უწყების განცხადებით, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ შესწავლა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც ხულოგნობას გულისხმობს.

დღეს, 24 ნოემბერს ალეკო ელისაშვილი პარტიის წევრებთან და სხვა მხარდამჭერებთან ერთად ბოდბისხევის ბაზართან საპროტესტო აქციის ჩასატარებლად ჩავიდა. მისივე თქმით, ისინი პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის მხილების კამპანიას იწყებენ.

ელისაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა "მაჟორიტარების მხილება" პარლამენტარ ირაკლი შიოლაშვილით დაიწყეს. შიოლაშვილი მმართველი გუნდი ერთ-ერთი ის მაჟორიტარი დეპუტატია, რომელმაც 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

ელისაშვილის თქმით, სიღნაღის შესასვლელთან მათ საკრებულოს დეპუტატები და პროვოკატორები დახვდნენ.

"შიოლაშვილის მხილების კამპანიისთვის ვართ აქ ჩამოსულები და ზუსტად ის მოხდა, რომ 10 ლარიანი პროვოკატორები მოხიკეს, დაგვახვედრეს და ვითომ მაგარი ბიჭები არიან. იმათთან რომ ქულები ჩაიწერონ, რომ გადაადგილებას არ გვაძლევენ", — თქვა ელისაშვილმა.

ბოდბისხევის ბაზართან მობილიზებული იყო პოლიცია. გარდა ამისა, მმართველი გუნდის მხარდამჭერებსა და ოპოზიციას შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.